logo
ENG



მოძალადე, პრორუსული ჯგუფი ქვეყნიდან დასავლელი დიპლომატების გაძევებას ითხოვს

30 ივნ 202113:34
3 წუთის საკითხავი
 

მოძალადე, პრორუსული, ჰომოფობიური ჯგუფის ლიდერი გურამ ფალავანდიშვილი, პრაიდის ჩაშლის მუქარის პარალელურად, ქვეყნიდან დასავლელი დიპლომატების გაძევებას ითხოვს. ამ მოთხოვნით მან და მისმა თანამოაზრეებმა მცირერიცხოვანი აქცია ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან გამართეს, შემდეგ კი აშშ-ის საელჩოსთან გადაინაცვლეს.

როგორც ფალავანდიშვილი ამბობს, პრაიდის აკრძალვასთან ერთად, აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი "პერსონა ნონ გრატად" უნდა გამოცხადდნენ.

გარდა ამისა, ის ამბობს, რომ 4 ივლისს, 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე კარვებს გაშლის და ღირსების მარშის მონაწილეებს დაელოდება.

თბილისი პრაიდი ღირსების მარშის გამართვას 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე გეგმავს.

გუშინ, 29 ივნისს თბილისი პრაიდთან დაკავშირებით საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და ევროპარლამენტარებსა და საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოთა ხელმძღვანელებს მიმართა, თავი შეიკავონ თბილისი პრაიდის მხარდაჭერისა და "მათი წახალისებისაგან".


close დახურვა