"ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ცესკოს თავიდან დაკომპლექტება" - მოძრაობა საქართველოსთვის ხელისუფლებას მოთხოვნების შესასრულებლად 2-კვირიან ვადას აძლევს.
როგორც მოძრაობა საქართველოსთვის წევრი ალიკა კუპრავა აცხადებს, თუ ხელისუფლება მოთხოვნებს არ შეასრულებს, რუსთაველის გამზირს კარვებით გადაკეტავენ.
"3 თვეზე მეტია კარვებში ვაპროტესტებთ გაყალბებულ არჩევნებს და გვაქვს 3 მოთხოვნა. ესენია: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ცესკოს თავიდან დაკომპლექტება. მელიას დაკავებით ხელისუფლებამ გადაკვეთა ყოველგვარი წითელი ხაზები და გაასამართლა ანტისაოკუპაციო მოძრაობა, რომელმაც გააპროტესტა გავრილოვის ჩამოსვლა საქართველოში. საქართველო არასდროს გახდება რუსეთი, არასდროს შევეგუებით დაბრუნებას 100 წინ...
ჩვენი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საქართველოს საოკუპაციო ხელისუფლებას ვაძლევთ 2-კვირიან ვადას, წინააღმდეგ შემთხვევაში მოძრაობა საქართველოსთვის უზრუნველყოფს იმას, რომ მთელი რუსთაველის გამზირი კარვებით იყოს გადაკეტილი. 2 კვირის თავზე, თუ სამივე ეს მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული საქართველოს საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან, ჩვენი მოძრაობა რუსთაველის გამზირს გადაკეტავს და პროტესტის მწვავე ფორმაზე გადავა", - განაცხადა აქტივისტმა.
ცნობისთვის, ამ დროისთვის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე კარავია გაშლილი, მათ შორის პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის, მალხაზ მაჩალიკაშვილის მამის კარავიც არის.
ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული.