„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის საქმის სამართლიან გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ სამოქალაქო აქტივისტები დღეს თბილისის საკრებულოსთან. საპროტესტო აქცია 11 საათზე დაიწყება და მასში მონაწილეობას სამოქალაქო საზოგადოების გარდა, ოპოზიციური პარტიების წევრებიც მიიღებენ.
როგორც მოძრაობა “შეცვალეს“ წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი აცხადებს, აქციის მონაწილეები მოძალადები დეპუტატების საკრებულოში ყოფნას გააპროტესტებენ.
„ეს აქცია ორგანიზდება სოციალური ქსელის მეშვეობით. აქ შეიკრებიან ადამიანები, ვინც მიიჩნევენ, რომ ძალადობა და ტურასავით მიპარვა არასწორია, არც კაცურია და არც პოლიტიკური კუთხითაა სწორი. ეს ადამიანები შევიკრიბებით და ყველა ერთად გავაპროტესტებთ მოძალადე დეპუტატების საკრებულოში ყოფნას, რომლებიც ვითომ ქართველი ხალხის ხმას წარმოადგენენ“, - განაცხადა ბიძინაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ლევან ხაბეიშვილს 24 იანვარს ბიუროს სხდომის დროს საკრებულოში სცემეს. კადრებში ჩანს, რომ ხაბეიშვილს „ქართული ოცნების“ რამდენიმე დეპუტატი თავს დაესხა. თავად ხაბეიშვილი მიიჩნევს, რომ ეს ინციდენტი წინასწარ დაგეგმილი იყო. მას საქმის გამოძიების იმედი არ აქვს.