93-დღიანი პროტესტის შემდეგ მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში“ რეგიონებში გასვლას იწყებს. პირველი გასვლითი ტური 20 ოქტომბერს კახეთში, თელავშია დაგეგმილი .
თელავში მოძრაობის ორგანიზატორები საზოგადოების პრობლემებს მოისმენენ და დაარწმუნებენ, რომ მათი გადაჭრის გზა არჩევნებზე მისვლაა. პროპორციული არჩევნების შანსების სწორად გამოყენება და ერთად ერთის წინააღმდეგ - მოძრაობის ახალი გზავნილია.
„20 ივნისის ღამე არ უნდა დაგვავიწყდეს, ამის ფუფუნება არ გვაქვს. ადამიანებს აუცილებლად უნდა ვესაუბროთ, გავიგოთ პრობლემები და ვუთხრათ, რომ ჩვენი ძალა სწორედ ეს არის - მოვახდინოთ ცვლილებები“ - ამბობს მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნოდარ რუხაძე.
„ქვეყნის სამსახურში" გაწევრიანება, როგორც ორგანიზატორები ამბობენ ყველა მოქალაქეს შეუძლია მიუხედავად იმისა, ვის როგორი პოლიტიკური კუთვნილება თუ გემოვნება აქვს.
„ცვლილებების ინიციატორი უნდა იყოს საზოგადოება. ჩვენი მოძრაობის მთელი მუღამი სწორედ ეს არის - ვიყოთ საზოგადოების მხრიდან პოლიტიკური პროცესების ავანგარდში“ - ამბობს მიშა მშვილდაძე.
20 ივნისის ღამის შემდეგ ახალგაზრდები რუსთაველის გამზირზე 93 დღეს იდგნენ. პარლამენტთან განვითარებული მოვლენებიდან 3 თვის თავზე დემონსტრაციები სახელწოდებით „სირცხვილია“ დასრულდა. აქტივისტები ახლა უკვე სხვა სახელით აქციებს ყოველი თვის 20 რიცხვში სხვადასხვა რეგიონში გამართავენ.