მსოფლიო ლოს-ანჯელესიდან მანილამდე კალათბურთის ლეგენდას გლოვობს. 41 წლის კობი ბრაიანტი 13 წლის შვილთან ერთად ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. ვერტმფრენი, რომლითაც ჩემპიონი მგზავრობდა, კალიფორნიაში, ქალაქ კალაბასასთან, მინდორში ჩამოვარდა.
კობი ბრაიანტსა და მის შვილთან ერთად კიდევ 7 ადამიანი დაიღუპა. კატასტროფის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ ძლიერი ნისლი გახდა.
კატასტროფის ადგილზე კვლავ კობი ბრაიანტის თაყვანისმცემლები არიან შეკრებილი. რამდენიმემ საკუთარი თვალით დაინახა, როგორ ჩამოვარდა ვერტმფრენი.
კალათბურთის ლეგენდის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს ცნობილმა სპორტსმენებმა, პოლიტიკოსებმა და მუსიკოსებმა. წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი შავი მამბას ხსოვნას გრემის დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც კობი ბრაიანტის საკალთბურთო გუნდის „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ კუთვნილ სტადიონზე გაიმართა.
ენბიეის 5-გზის ჩემპიონმა კობი ბრაიანტმა 20 წელი „ლოს-ანჯელეს ლეიკერსში“ გაატარა. მან თამაში 2016 წელს შეწყვიტა. საუკეთესო კალათბურთელის სტატუსის გარდა ის ფლობდა უამრავ ჯილდოს, მათ შორის ოსკარსაც. ამერიკის კინოაკადემიამ ლეგენდარულ კალათბურთელს პრესტიჟული პრემია მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმისთვის გადასცა.