მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის ყოველდღიური მაჩვენებელი მცირდება, საშიში ინფექციის პრევენცია მსოფლიოში მაინც ვერ ხერხდება.
ბოლო მონაცემებით, ვირუსი 30-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული. ჩინეთის ფარგლებს გარეთ გარდაცვლილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა. ყველაზე რთული ვითარება სამხრეთ კორეაშია, სადაც ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსს დღეს ახალი მსხვერპლი მოჰყვა იტალიასა და ირანშიც.
ირანში საშიში ვირუსის გავრცელების ეპიცენტრი შიიტების წმინდა ქალაქი ყუმია. ოფიციალური ცნობებით, ქვეყანაში ვირუსის 28 შემთხვევა გამოვლინდა, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ დაავადება უკვე ირანის ყველა რეგიონში იყოს გავრცელებული. ბოლო მონაცემებით, ვირუსს ქვეყანაში 5 ადამიანი ემსხვერპლა.
მეორე ადამიანი ემსხვერპლა საშიშ ვირუსს იტალიაშიც. 78 წლის მამაკაცის გარდაცვალებიდან მეორე დღეს, ლომბარდიის რეგიონში 75 წლის ქალი დაიღუპა. ხელისუფლება მოსახლეობას თვითიზოლაციისკენ მოუწოდებს, რეგიონში დაიხურა სკოლები და მაღაზიები, ასევე აიკრძალა საჯარო შეკრებები, მათ შორის საკვირაო მესა და ფეხბურთის მატჩებიც.
ბოლო 24 საათში სამხრეთ კორეაში ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაორმაგდა. დაავადება დამატებით 229 პაციენტს დაუდასტურდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 430-ს გადააჭარბა. დაავადებულთა შორის აღმოჩნდა კომპანია „სამსუნგის“ თანამშრომელიც, რის გამოც კომპანიამ ქალაქ ყუმიში ქარხანა 25 თებერვლამდე დახურა.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსს ჩინეთში 2 ათას 345 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 109 ბოლო 24 საათში დაიღუპა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში ვირუსის ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირებაზე საუბრობენ.
გამოჯანმრთელებულთა შორის ყველაზე პატარა 17 დღის ჩვილია. გოგონას უხანის საავადმყოფოში მედიკოსები 5 თებერვლიდან მკურნალობდნენ.