logo
ENG



მურადაშვილი - ჩემი დაწინაურება რურუას საქმეს არ უკავშირდება, ბევრი გაუხსენლი საქმე გავხსენი

10 ივნ 202014:37
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საქალაქო სასამართლოში „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას პროცესი მოწმეების დაკითხვით გრძელდება. ბრალდების მხარემ 3 მოწმე წარმოადგინა, საიდანაც ორი სამართალდამცველია. ერთ-ერთმა მათგანმა, კახა მურადაშვილმა, რომელიც რურუას დაკავების შემდეგ დაწინაურდა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა, ჩვენება უკვე მისცა.

სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ მურადაშვილმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ მის დაწინაურებას გიორგი რურუას საქმესთან კავშირი არ აქვს. მისი თქმით, სამმართველოში წარმატებულად მუშაობდა და შრომა დაუფასდა. რაც შეეხება თავად რურუას საქმეს, მურადაშვილი ირწმუნება, რომ ბრალდებულს დაკავებისას იარაღი აღმოუჩინეს. მისთვის საეჭვო არ არის არც ის გარემოება, რომ იარაღზე თითის ანაბეჭდი არ არის და რურუას ტანსაცმელზე მეტალიზაციის კვალიც არ ფიქსირდება.  

„ეს არის დაცვის მხარის პოზიცია, მე პირადად სიცრუეს და სისულელეს ვუწოდებ, რადგან იარაღიდან, რომელიც რურუას ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული, არსებობს ბიოლოგიური მასალაზე მასზე, ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ჩატარდა რურუასგან აღებულ ბიოლოგიურ ნიმუშზე და არის იდენტური, რაც ნიშნავს, რომ იარაღზე არსებული კვალი ეკუთნის რურუას. არანაირი კამერა არ არის გათიშული, ყველა კამერა იქნა აღებული, რაც კი იმ ადგილზე არსებობდა და ერთვის საქმეს.

"ჩემი დაწინაურება არ უკავშირდება რურუას საქმეს. არაერთ მნიშვნელოვან საქმეში მაქვს მიღებული მონაწილეობა, ძალიან ბევრი გაუხსნელი საქმე გაიხსნა ჩემი ხელმძღვანელობით და შესაძლოა ჩათვალა ხელმძღვანელობამ, რომ მე დავიმსახურე დაწინაურება და დავწინაურდი“, - განაცხადა მურადაშვილმა.

ამ დროისთვის სასამართლოს ჩვენებას აძლევს მეორე მოწმე, რომელიც ასევე პოლიციელია. ამის შემდეგ მოსამართლის წინაშე გამოცხადდება იმ კერძო ობიექტის თანამშრომელი, რომელზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერაც შემთხვევის ადგილს აფიქსირებდა. ადვოკატები ამბობენ, რომ იმ დროისთვის კამერა გამორთული იყო და მოწმესთან სწორედ ამის თაობაზე აქვთ კითხვები. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარე საკუთარი მოწმეების დაკითხვას დაასრულებს. ამის შემდეგ უკვე დაცვის მხარის მოწმეთა გამოკითხვა მოხდება.


close დახურვა