logo
ENG



მურუსიძის გასამართლებულმა პირმა სტრასბურგის სასამართლოში დაამტკიცა, რომ უდანაშაულოა

18 ოქტ 201920:10
3 წუთის საკითხავი
 
qnz7iqkkpp5u5ep.jpg

ე.წ. სასამართლოს კლანის ლიდერის, ლევან მურუსიძის მიერ გასამართლებულმა პირმა, 6 წლიანი პატიმრობის მოხდისა და ჯამში 15 წლის შემდეგ ევროპულ სასამართლოში დაამტკიცა, რომ უდანაშაულოა. სტრასბურგის გადაწყვეტილება უკვე ეროვნულმა ინსტანციამაც გაითვალისწინა. ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო მკაფიოდ მიუთითებს, რომ მოქალაქე ლევან კობიაშვილს არ მიეცა სამართლიანი სასამართლოს უფლება. მთელი პროცესის განმავლობაში კობიაშვილი მიუთითებდა, რომ ჰეროინი, რომელიც თითქოსდა ამოუღეს, მას არ ეკუთვნოდა. მოქალაქე ამბობდა, რომ ჩხრეკა საერთოდ არ ჩატარებია. პირველმა ინსტანციამ კობიაშვილი დამნაშავედ ცნო. მოქალაქე მეორე ინსტანციაშიც დამნაშავედ ცნეს. უკვე უზენაეს სასამართლოში საქმე ლევან მურუსიძეს დაეწერა, რომელმაც საქმე განსახილველად არ მიიღო და ძალაში დატოვა მეორე ინსტანციის გადაწყვეტილება. კობიაშვილს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

კობიაშვილმა გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში გაასაჩივრა. თითქმის 15 წლის შემდეგ, ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეში ფაქტობრივი გარემოებები არსებობდა, რომელზე დაყრდნობითაც ცალსახად იკვეთებოდა, რომ ჰეროინი კობიაშვილს არ ეკუთვნოდა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი "ფორმულას" ეუბნება, ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა და პირველად ხდება, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სააპელაციო სასამართლომ მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირი გაამართლა. დღეს მურუსიძის კოლეგებმა დაადგინეს ის დარღვევა, რომელიც ამ უკანასკნელმა 2005 წელს ჩაიდინა. რამდენიმე თვის წინ მურუსიძეს ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან ინტერვიუ აქვს მიცემული, სადაც ის ამბობს, რომ შესაძლოა მის პირად საქმეში არსებობდეს ნარკოდანაშაულის მიმართულებით საქმეები, სადაც არასამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. 

ლევან მურუსიძე, რომელიც საზოგადოების დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლოში უვადოდ დაინიშნა, ახლა მიხეილ ჩინჩალაძესთან ერთად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების 20 კაციანი სიის ავტორად მიიჩნევა.

არასამთავრობო ორგანიზაციის “კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ წარმომადგენლის არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, ხვალ ისინი გამართავენ პრესკონფერენციას, სადაც ყველა კითხვას გაეცემა პასუხი, რომელიც ჟურნალისტებს ამ თემასთან დაკავშირებით ექნებათ.

„სასამართლო განხილვები, რომელიც საქართველოში ჩატარდა, ევროსასამართლომ ჩათვალა, რომ არ აკმაყოფილებდა სამართლიანი სასამართლოს კრიტერიუმებს, რომელსაც იცავს კონვენციის მე-6 მუხლი და გარანტირებულია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებითვე,“ - განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

მისივე განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მათი შუამდგომლობა, რომლის შედეგადაც გაუქმდა გამამტყუნებელი განაჩენი და მის ნაცვლად დადგა გამამართლებელი განაჩენი მსჯავრდებული პირის მიმართ.

 

 

 

 


close დახურვა