logo
ENG



მუხთარლი: პროკურატურის იმედი არ მაქვს, ჩემს გატაცებაში მონაწილეობას ქართული მხარეც იღებდა

08 აპრ 202111:25
3 წუთის საკითხავი
 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც 2017 წლის მაისში თბილისიდან გაიტაცეს, ამბობს, რომ საქართველოს პროკურატურის იმედი არ აქვს, რადგან, ჟურნალისტის თქმით, მის გატაცებაში მონაწილეობას ქართული მხარეც იღებდა. 

როგორც მუხთარლიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ის დღეს პროკურატურაში მივა და ჩვენებას მისცემს, კერძოდ თუ როგორ მოხდა მისი გატაცება და რა გზით გაიყვანეს ის საქართველოდან. 

"ჩემს გატაცებაში მონაწილეობას იღებდა აზერბაიჯანული მხარე და ქართული მხარის შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სასაზღვრო პოლიცია. პროკურატურას უნდა მივაწოდო ინფორმაცია რა გზით წამიყვანეს აზერბაიჯანში, ნახევარ გზას ვხედავდი. უნდა ვანახო ადგილი, საიდანაც მოხდა ჩემი გატაცება. დიდი იმედი ქართული პროკურატურის არ მაქვს. ეს ქართულმა მხარემ აზერბაიჯანულთან ერთად ჩაიდინა, ინფორმირებული იყო ასევე მაშინდელი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ალბათ იცოდა ივანიშვილმაც. თუ ფოტოებს მიჩვენებენ თავდამსხმელებს ვიცნობ", - განაცხადა მუხთარლიმ

მისივე თქმით, ის საქართველოში 10-15 დღე დარჩება. 

შეგახსენებთ, აფგან მუხთარლი თბილისში, 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს და ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით აზერბაიჯანულ მხარეს გადასცეს. აზერბაიჯანმა მას ბრალად საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და ვალუტის კონტრაბანდა წაუყენა. მუხთარლი თავს მოიხსენიებდა და ამბობდა, რომ მას ქვეყნის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო სდევნიდა. ის ამბობს, რომ მის დაკავებამდე აზერბაიჯანულმა ხელისუფლებამ 4 ჟურნალისტი მოკლა, ხოლო 30 დააკავა. 


close დახურვა