logo
ENG



მუხთარლი: ჩემი გატაცების საქმე პოლიტიკურია, არ მაქვს იმედი, რომ გამოიძიებენ

10 აპრ 202112:49
3 წუთის საკითხავი
 

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან მუხთარლის პროკურატურაში გვიანობამდე კითხავდნენ. 

მუხთარლიმ გამოძიებას მისი გატაცების საქმეზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. 

ჟურნალისტი ამბობს, რომ შესაბამისი ბრძანება ყოფილმა პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გასცა. მუხთარლი არ გამორიცხავს, რომ თავის მხრივ, კვირიკაშვილმა ბიძინა ივანიშვილის განკარგულება შეასრულა. 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, რომელიც ილჰამ ალიევის ოჯახის კორუფციულ სქემებს იძიებდა და ამის გამო იდევნებოდა, თავს ოჯახთან ერთად საქართველოს აფარებდა. 2-წლიანი ცხოვრების შემდეგ ის თბილისიდან 2017 წლის მაისში გაიტაცეს. 2 დღის შემდეგ გაირკვა, რომ მუხთარლი აზერბაიჯანში დაკავებული ჰყავდათ, მისი პასპორტი კი ცოლს, ლეილა მუსტაფაევას სახლში ჰქონდა. 

ქართულ მხარეს მომხდარი დღემდე არ გამოუძიებია. 

"კითხვები შეეხებოდა ჩემი გატაცების ადგილს. დეტალურად მივუთითე, საიდან მოხდა ჩემი გატაცება და გადადგილება. დავასახელე კონკრეტული გვარები, რომლებიც ამაში მონაწილეობდნენ როგორც აზერბაინანის, ისე საქართველოს მხრიდან. ჩემთვის უცნობია, ვინ მონაწილეობდა ქართული მხარიდან ჩემს გატაცებაში, თუმცა, შემიძლია დავასახელო ჩართული უწყებები: შსს, კრიმინალური პოლიცია, სასაზღვრო პოლიცია და სასაზღვრო გამშვები პუნქტი. ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ გატაცების ბრძანებაში გიორგი კვირიკაშვილი არ მონაწილეობდა. ის პრემიერმინისტრი იყო, თუმცა, ჩემი აზრით, ის ივანიშვილის ბრძანებას ასრულებდა. საქმე პოლიტიკურია. არ მაქვს იმედი, რომ ამ საქმეს გამოიძიებენ". - თქვა მუხთარლიმ გამოკითხვის დასრულების შემდეგ. 

აფხაგნ მუხთარლი საქართველოში 2021 წლის 7 აპრილს დაბრუნდა, მისი გატაცების საქმის გამოძიებაში ჩართვის მიზნით - პროკურატურა მუხთარლის გატაცების საქმეს 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) ფორმალურად დღემდე იძიებს.

2017 წლის მაისში, საქართველოდან გატაცების შემდეგ მუხთარლის აზერბაიჯანში ბრალი 3 - საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდისა და ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით წარუდგინეს და 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.  

სამწლიანი პატიმრობის შემდეგ, 2020 წლის 17 მარტს აფგან მუხთარლი გაათავისუფლეს და სპეციალური რეისით გერმანიაში გადააფრინეს, სადაც 2019 წლიდან მისი ცოლი და შვილი ცხოვრობენ.


close დახურვა