logo
ENG



მუხთარლი აცხადებს, რომ საქართველოს საკონსულო თბილისში ჩამოსვლაში ხელს უშლის

09 ოქტ 202012:59
3 წუთის საკითხავი
clock 2987

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, რომელიც დღეს გერმანიიდან თბილისში უნდა ჩამოსულიყო, წერს, რომ ბერლინის აეროპორტში გამოფრენის შესაძლებლობას არ აძლევენ. მისი თქმით, დაბრკოლებებს უქმნის საქართველოს ავიახაზები და საქართველოს საკონსულო გერმანიაში. როგორც აფგან მუხთარლი წერს, მას ეუბნებიან, რომ საბუთები არ აქვს წესრიგში.

"სიმართლე არ არის [რომ საბუთები არ მაქვს წესრიგში]. როგორც ჩანს, გაიგეს რომ მოვდივარ და სურთ, შემაჩერონ. ჩემი დოკუმენტები შეესაბამება იმას, რაც ეწერა საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე. მე ისინი შევავსე და მივიღე თანხმობა გამგზავრებაზე", - წერს აფგან მუხთარლი.

აეროპორტის ინციდენტს ეხმაურება აფგან მუხთარლის ცოლი, ლეილა მუსტაფაევა, რომელიც წერს, რომ ფრენა [ბერლინის დროით] 12:20 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა რეგისტრაციის დროს უთხრეს, რომ საბუთები არ იყო წესრიგში. 

"მისი დოკუმენტებით იგი 17 მარტს ჩამოვიდა გერმანიაში. ის, ასევე, ამ ქვეყნის რეზიდენტია. იგი საქართველოში გატაცების საქმეზე ჩვენების მისაცემად ჩამოდის. საქართველოს საკმარისი პრობლემები შეექმნა მისი გატაცების შემდეგ და ნუ შეიქმნით კიდევ დამატებით პრობლემებსაც", - წერს ლეილა მუსტაფაევა. 

ფორმულა ცდილობს, დამატებითი განმარტება მიიღოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან. მათ კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

 


close დახურვა