logo
ENG



მშვენიერაძე: მსჯავრდებული პირის შეფარება საქართველოს კანონმდებლობით დანაშაული არ არის

06 ოქტ 202119:03
3 წუთის საკითხავი
 

იურისტმა გიორგი მშვენიერაძემ მიხეილ სააკაშვილის დახმარებისთვის დაკავებული ადამიანების საქმეს სამართლებრივად მიმოიხილა. 

ფორმულას ეთერში მშვენიერაძემ თქვა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით მსჯავრდებული პირის შეფარება არ ისჯება, შესაბამისად, ელგუჯა ცომაია და მამა-შვილი წოწორიები ხელისუფლების მძევლები არიან. 

"რა მუხლით არიან დაკავებულები ეს ადამიანები და რატომ - საუბარია, რომ მსჯავრდებულ პირს მალავდნენ - ეს არ არის დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.

თუ საუბარია, რომ ისინი იმ დანაშაულის დაფარვისთვის არიან დაკავებულები, რომელიც სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთას ეხება - დაკავების მიზეზი ესეც ვერ იქნება, იმიტომ, რომ საზღვრის უკანონოდ კვეთა არის ნაკლებად მძიმე დანაშაული და მისი დაფარვა არ იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. 

ამიტომ, სინამდვილეში, ეს ადამიანები არიან მძევლები და სანიმუშოდ ისჯებიან საკუთარი ქცევის გამო, რომელიც დანაშაული არ არის. იმიტომ, რომ სისხლის სამართალში მოქმედებს ძალიან ცხადი პრინციპი - არ არსებობს დანაშაული კანონის გარეშე. 

შესაბამისად, თუ არ არსებობს კანონში ცხადად აღწერილი დანაშაულებრივი ქმედება, ისე ადამიანის დაკავება და დაპატიმრება არის ფუნდამენტურად შეუთავსებელი სამართლის პრინციპებთან. 

თუ პირი არ არის მსჯავრდებული, მისი შეფარება შეიძლება იყოს საკამათო დანაშაული, მსჯავრდებულ პირზე ასეთი რამ აღარ არსებობს. ამიტომ, პროკურატურის პოზიცია არის ძალიან სუსტი". - ამბობს გიორგი მშვენიერაძე. 

მიხეილ სააკაშვილმა 1-ლ ოქტომბერს გაავრცელა ვიდეო და თქვა, რომ საქართველოშია, უფრო კონკრეტულად კი - ბათუმში. იმავე საღამოს ის თბილისში, სანზონაში დააკავეს. 

მიხეილ სააკაშვილის დახმარებისთვის 3 ადამიანი დააკავეს - აფხაზეთიდან დევნილი ელგუჯა ცომაია, ვის სახლშიც დააკავეს სააკაშვილი. მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს. 

ასევე, დაკავებულები არიან მამა-შვილი წოწორიები, რომლებმაც, პროკურატურის განცხადებით, სააკაშვილი 29 სექტემბერს სამეგრელოში წაიყვანეს. 

მათ დანაშაულის დაფარვას ედავებიან. 


close დახურვა