logo
ENG



მშვენიერაძე: ნოდარ მელაძე და მაკა ჩიხლაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებენ

16 მარ 202111:23
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/16/4ty0c5ltub9kot8.jpg

ჟურნალისტები, ნოდარ მელაძე და მაკა ჩიხლაძე TV პირველის ეთერში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებენ.

ამის შესახებ ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

საქმე ეხება სატელეფონო საუბრის ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-კომენტარის გამო, სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ. 

ჩანაწერთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე დაიწყო.

"ნოდარ მელაძე და მაკა ჩიხლაძე არ აპირებენ პროკურატურაში მისვლას და გამოკითხვაში მონაწილეობას მათ მიერ მომზადებულ ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ პროკურატურა ინფორმირებულია ჩემს მიერ.

სამწუხაროა, რომ პროკურატურა თავად აუდიო ჩანაწერით აქამდე არ დაინტერესებულა, რომლის გადაცემის მზაობას ვაცხადებდით და ვაცხადებთ", - წერს მშვენიერაძე.

6 მარტს, TV პირველის გადაცემაში ნოდარ მელაძის შაბათი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-კომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.

ჩანაწერი მოიცავს კიდევ რამდენიმე საუბარს ბერა ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის, რომელშიც მონაწილეები ბერას შეურაცხყოფის გამო მსგავსი ანგარიშსწორების რამდენიმე შემთხვევას იხსენებენ და განიხილავენ.

ჩანაწერში ბერა ივანიშვილი ელაპარაკება სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს. ირკვევა, რომ ის ბერას მითითებებს ასრულებდა და არასრულწლოვნებს, რომლებიც ივანიშვილს მისთვის მიუღებლად მოიხსენიებდა, პირადად ემუქრებოდა. 

ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ, არა ერთმა ადამიანმა მედიისა და თუ სოციალური ქსელის საშუალებით განაცხადა, რომ ბერა ივანიშვილმა ან მასთან დაახლოებულმა პირებმა, ბერაზე ნეგატიური კომენტარის გამო, მათ სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ქართულ ოცნებას არ უარუყვია, რომ ჩანაწერი ავთენტურია, ისინი აქცენტს საუბრის დროზე აკეთებენ და ამბობენ, რომ ის 2010-2011 წლებშია გაკეთებული.  

პროკურატურამ ამ ჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება 9 მარტს დაიწყო.


close დახურვა