logo
ENG



მშვილდაძე: ისევე ორგანიზებულია თავდასხმა ზოდნერჯგუფების მიერ, როგორც წინა შემთხვევები

28 ივნ 202314:50
3 წუთის საკითხავი
 

ტელეკომპანია ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებელი და ტელეწამყვანი მიშა მშვილდაძე ამბობს, რომ მასზე განხორციელებული თავდასხმა ხელისუფლების მიერ არის კოორდინირებული. როგორც მან ფორმულას ეთერში ისაუბრა, მას შთაბეჭდილება დარჩა, რომ თავდამსხმელის მიზანი იყო მისთვის სახეში დაერტყა.

"ზუსტად ისევე იყო ორგანიზებული, დაგეგმილი და კოორდინირებული ეს სადამსჯელო ზონდერჯგუფების მიერ, რომლებიც იმართებიან ხელისუფლების მიმართ, როგორც იყო წინა შემთხვევებზე, სხვებზე თავდასხმის დროს. [...]

რომ ჩავუარე ამ ადამიანს, გამკრა ეჭვმა, აქ თუ რაღაცაა, ეს უნდა იყოს თავდამსხმელი და მერე უკნიდან... ვცდილობდი არც მიმეხედა, ამ საერთო ფონიდან გამომდინარე, პარანოიად ვუთვლიდი საკუთარ თავს, ამ აზრის გაელვებას, ამიტომ უკან არც მიმიხედია, ზუსტად ამ დროს მომხვდა უკნიდან. [...]

პროცესი როგორც მიმდინარეობდა, ტოვებდა თავიდან ბოლომდე ასეთ ეჭვს, რადგანაც არავითარი გამოლაპარაკება, შელაპარაკება არ მომხდარა, პირდაპირ ძლიერი დარტყმით დაიწყო ეგრევე თავდასხმა და გააგრძელა იმავენაირად და ყველა მომენტში ცდილობდა, ეძებდა, რომ მუშტი მოერტყა სახეში. ყველაფერი იყო ძალიან საეჭვო, მათ შორის ის მესიჯი, რომელიც დატოვა, რომელსაც სიმართლესთან კავშირი არ აქვს", - ამბობს მშვილდაძე.

მშვილდაძის თქმით, თავდასხმის დროს მან გაიგონა შეძახილი "პატრიარქს როგორ აგინე". მისი განმარტებით, ეს პროპაგანდისტულია მესიჯია და პატრიარქს ძალადობაზე ასაფარებლად იყენებენ: 

"მაშინვე მენიშნა, რომ ეს იყო პროპაგანდისტული მესიჯის, რომ ამ ჭრილში წასულიყო დისკუსია, რომ, აი, პატრიარქის შეურაცხყოფა, რაც უბრალოდ საფუძველს მოკლებული სისულელეა. არავითარი ფაქტი არ არსებობს, პატრიარქისთვის არასდროს მიგინებია. შეუძლებელია, რომ იყოს ამ ადამიანების მოტივი, არის პროპაგანდისტული ბოდვა". 

ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს 27 ივნისს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

დღეს კი სოციალურ ქსელში მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილმა დაწერა, რომ მშვილდაძეს თავს ის დაესხა. 

გუგეშაშვილის თქმით, თავდასხმის მიზეზი ისაა, რომ მშვილდაძე "ეკლესიას მოიხსენიებს კრიმინალად და იძახის, რომ ჯვარი არის ძალადობის სიმბოლო, აგინებს პატრიარქს, ქართველ ერს და იცავს მამათმავლებს".

ფორმულა შსს-ს დაუკავშირდა. უწყებაში ამბობენ, რომ ამ პოსტის შესახებ ინფორმაცია აქვთ, თუმცა თავდამსხმელის დაკავების ან იდენტიფიცირების შესახებ ინფორმაციას არ აზუსტებენ.


close დახურვა