logo
ENG



მშვილდაძე: პარლამენტმა პროპორციული საარჩევნო სისტემა ჩააგდო

16 ნოე 201900:57
3 წუთის საკითხავი
 
33674hc4scl57gw.png

„პარლამენტმა პროპორციული საარჩევნო სისტემა ჩააგდო. საქართველოს ისტორიაში პირველად ჩავარდა კანონი, რომელსაც ხელისუფლებაც უჭერდა მხარს და ოპოზიციაც. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ოპოზიციის კანონპროექტი ხელისუფლებას ჩაუგდია, ყოფილა შემთხვევები,  როდესაც  ხელისუფლებას ვერ გაუტანია კანონპროექტი იმიტომ, რომ ხელისუფლების ხმები სჭირდებოდა, მაგრამ კანონპროექტი, რომელსაც მხარს უჭერდა ხელისუფლება, ოპოზიცია საქართველოს მოსახლეობა, საპატრიარქო, გაერო, ემინემი - ეგეთი კანონპროექტი პირველად ჩავარდა“, - ეს განცხადება ტელეწამყვანმა საკუთარ გადაცემაში „თითქმის ყოველდღე მიშა მშვილდაძესთან ერთად“ გააკეთა.

გადაცემის წამყვანმა მონოლოგი 14 ნოემბერს პარლამენტში განვითარებული მოვლენების მიმოხილვით დაიწყო.

მშვილდაძე ასევე გამოეხმაურა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც კონსტიტუციის ცვლილების ჩაგდებას შიდაპარტიული დემოკრატია უწოდა.

„ირაკლი კობახიძემ ამ ყველაფერს შიდაპარტიული დემოკრატია უწოდა, ანუ პარტიის დაპირება რომ არ შესრულდა, ამას ეძახის შიდაპარტიულ დემოკრატიას. ირაკლი შიდაპარტიული დემოკრატია არის, როდესაც პარტიის წევრები ერთად თანხმდებიან, რას დაჰპირდნენ ხალხს, რომ დაჰპირდები და აღარ შეასრულებთ, ეგაა გადაგდება“, - განაცხადა მშვილდაძემ გადაცემაში.

გადაცემის წამყვანი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დეპუტატის, დაჩი ბერაიას განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, ბიძინა ივანიშვილმა ის ვერ გადაარწმუნა, რომ კანონპროექტისთვის მხარი დაეჭირა. მიშა მშვილდაძის თქმით, ბიძინას წინააღმდეგ წავიდა პარლამენტი და რაც ბიძინას და ხალხს უნდოდა, დაჩი ბერაიამ ჩააგდო.

„ბიძინა ივანიშვილი - ადამიანი, რომელმაც პარლამენტში ისეთი დეპუტატები შეიყვანა, რომელიც არავინ იცის, ვინც არის ადამიანი, რომელმაც სალომე ზურაბიშვილი აარჩევინა ხალხის პრეზიდენტად, ადამიანმა, რომელმაც ხალხის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ გიორგი გახარია დააწინაურა, 7 მილიარდის მფლობელმა ადამიანმა, რომელმაც რამდენიმე რაიონი იყიდა, ასწლოვანი ხეები ზღვით გადაიყვანა და ზღვა ეზოში შეიყვანა, დაჩი ბერაიას გადარწმუნება  ვერ შეძლო“, - განაცხადა გადაცემის წამყვანმა.

მიშა მშვილდაძე ასევე იმ დეპუტატების თემასაც გამოეხმაურა, რომლებმაც უმრავლესობა დატოვეს.

„უკანასკნელ 24 საათში ქართული ოცნება 12-მა დეპუტატმა და პატრიოტთა ალიანსმა დატოვა. გუშინ შალვა ნათელაშვილის პარტიის ოფისში მეც ვიყავი და გვერდზე პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელი მეჯდა. დემოკრატია ძალიან მიშვნელოვანი რამაა. წასულ დეპუტატებს სამომავლო გეგმებზე არაფერი უთქვამთ, ამიტომ არც ნაცი უწოდებია მათთვის ვინმეს“, - განაცხადა მშვილდაძემ.

პირველი ნაწილის ბოლოს მიშა მშვილდაძემ მთლიანი კვირა შეაჯამა, ასევე გადაცემის წამყვანმა გამოარჩია ამ კვირის ფრაზებიც. მშვილდაძემ საკანონდებლო ორგანოს წინ მიმდინარე პროტესტზეც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ რუსთაველზე პროტესტი უფრო ფართო მასშტაბებს მიიღებს.

„ბუნებრივია, რომ ხელისუფლების უსირცხვილო ტყუილს აქცია მოჰყვა, გუშინ ათასობით ადამიანი შეიკრიბა რუსთაველზე, პროტესტი გაგრძელდება და უფრო ფართო მასშტაბებს მიიღებს“, - განაცხადა მიშა მშვილდაძემ.

რაც შეეხება სპეციალურ სტუმარს, გადაცემა „თითქმის ყოველდღე მიშა მშვილდაძესთან ერთად“, ექსპერტი გია ხუხაშვილი ესტუმრა, მათ მიმდინარე კვირაზე ისაუბრეს და ხელისუფლების მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდების საკითხი განიხილეს.

 


close დახურვა