logo
ENG



მშვილდაძე აქციებზე: რამდენი ასი დღეც დასჭირდება, იმდენი ასი დღე ვიდგებით

02 დეკ 201908:25
3 წუთის საკითხავი
 
oh5tbhg2tb25hvg.jpg

საპროტესტო აქციების გაგრძელებას აპირებს მოძრაობა "ქვეყნის სამსახურში". აქტივისტები პარლამენტთან მასშტაბურ აქციას 9 დეკემბერს აანონსებენ. იქამდე კი პროტესტს არაერთი ფორმით გამოხატავენ. ამბობენ, რომ პარლამენტში შესვლის მსურველებს დისკომფორტს კვლავ შეუქმნიან და სხვადასხვა აქტივობებსაც დაგეგმავენ. როგორც მოძროაბის ერთ-ერთმა აქტივისტმა მიშა მშვილდაძემ „ფორმულას“ განუცხადა, ხელისუფლება დროს წელავს, საპროტესტო აქციები კი უცვლელად გაგრძელდება.

"ვხედავთ, რომ ხელისუფლება არაფრის შეცვლას აპირებს, იგონებს რაღაც არარსებულ ფორმატებს, რომ დრო გაწელოს. ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს, რომელსაც 21 ივნისიდან მოყოლებული მოვყვებით. ჩეულებრივად გაგრძელდება ჩვენთვის პროცესები. 100 თუ 120 დღე გავიდა და მზად ვართ რამდენი ასი დღეც დაჭირდება, იმდენი 100 დღისთვის", - აცხადებს მიშა მშვილდაძე.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია გაიმართა. პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საკანონმდებლო ორგანოს წინ მასშტაბური ანტისაოკუპაციო აქციები მოჰყვა. 

20-21 ივნისს ხელისუფლებამ აქცია პოლიციელების, სპეცრაზმისა და სპეციალური ტექნიკის საშუალებით დაშალა. აქციის დაშლისას გმაოყენებული იქნა რეზინის ტყვიები, რომელთა შესახებ ინფორმაციას ხელისუფლება ამ დრომდე მალავს. აქციის დარბევის, ოფიციალური მონაცემებით, 240 ადამიანი სხვადასხვა დაზიანებით გადაიყვანეს სავადმყოფოებში. მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა კი თვალი დაკარგეს - ისინი თითქმის 6 თვის შემდეგ ცნეს დაზარალებულებად. 

აქციების მიმდინარეობისას გაჟღერდა სამი მთავარი მოთხოვნა - იმდროინდელი შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარება და აქციის დროს დაკავებულების გათავისუფლება. მიმდინარე აქციების შემდეგ კი გახარია პრემიერ-მინისტრად დააწინაურეს, ხოლო მმართველმა გუნდმა და პირადად, მისმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირება მისცა. თუმცა, მაჟორიტარი დეპუტატების "ამბოხის“ შედეგად, საარჩევნო სისტემის ცვლილების კანონპროექტი პარლამენტმა ჩააგდო.

ამის შემდეგ პარლამენტის წინ აქციები განახლდა. აქციის მონაწილეებს ერთადერთი მოთხოვნა აქვთ - ჩატარდეს არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით. ამჟამად ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით, მიმდინარეობს დიალოგი. საუბარი შეეხება ე.წ. გერმანულ საარჩევნო მოდელზე გადასვლას. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოდელი არაკონსტიტუციურია, ხოლო არჩევნები 2020 წელს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით გაიმართება. 

კანონპროექტის ჩავარდნის შესახებ წუხილი გამოხატა ბიძინა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ თავადაც იმედგაცრუებულია, მაგრამ მან მაჟორიტარების გადარწმუნება ვერ მოახერხა.


close დახურვა