მუნიციპალურმა ტრანსპორტმა ორთვიანი პაუზის შემდეგ მუშაობა განაახლა. მგზავრებს ტრანსპორტით სარგებლობა მხოლოდ პირბადის გამოყენებით შეუძლიათ. მიკროავტობუსებში მგზავრების ფეხზე დგომაა აკრძალული. გარდა ამისა, გაუქმდა უკანა კარი და მგზავრებს ასვლა მხოლოდ უკანა კარით შეეძლებათ. გარდა ამისა, მძღოლის ადგილი სპეციალური ლენტითაა გამოყოფილი და მგზავრებს მათთან კონტაქტის უფლება არ აქვთ. როგორც რეგულაციის ავტორები ამბობენ, ასე დაიცავენ მძღოლების უსაფრთხოებას.
თუმცა, ამ მიმართულებით არანაირი შეზღუდვა არ დაწესებულა მგზავრებისთვის - მათ არ აქვთ დისტანციის დაცვის ვალდებულება. ერთადერთი მოქალაქეებისთვის საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარებაა აუცილებელი.
ავტობუსებში უსაფრთხოების ნორმებს მერიის მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები გააკონტროლებენ, მეტროში კი ამ ნორმების დაცვაზე საპატრულო პოლიცია იქნება პასუხისმგებელი.
მგზავრების თქმით, დღევანდელი დღის შემდეგ უფრო მარტივად გადაადგილებიან ქალაქში. ისინი ამბობენ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა უფრო ადრეც შეიძლებოდა.
„აქამდე პრობლემები იყო, მშივრები ვიყავით დარჩენილი და ახლა გამოვედი. ქალაქში არ გამოვსულვარ, იქვე მაღაზიაში ვყიდულობდი საჭმელს. იქ ნაყიდი პროდუქტი უფრო ძვირი იყო“, - აცხადებს მოქალაქე „ფორმულასთან“ საუბარში.
მოქალაქეების ნაწილი კი ამბობს, რომ სახელმწიფოს ნება რომ იყოს, შეზღუდვები კვლავაც ძალაში იქნებოდა.
„რაც შეგვიძლია ამას ვიცავთ. სახელმწიფოს მხრიდან არა მგონია, დამატებითი რეკომენდაცია იყოს. სახელმწიფოს ნება რომ მისცე, საერთოდ დაგვამწყდევს და არ გამოგვიშვებს. ტრანსპორტი დაგვიანებით აღდგა. აქამდეც შეიძლებოდა გახსნა. ახლა რა შეიცვალა?“, - აცხადებენ მოქალაქეები.
მგზავრების ნაწილი იმასაც აპროტესტებს, რომ ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით სიცხეში, კონდინცირების სიტემის გარეშე, მგზავრობა შეუძლებელი იქნება.
„ძალიან რთული იქნება, რადგან ძალიან ცხელა. მეტროში არ არის დისკომფორტი, მაგრამ მარშრუტკასა და ავტობუსში კონდინციონერის გარეშე ვერ გაჩერდები“, - აცხადბენ ისინი.