logo
ENG



მძიმეა დასაქმებულთა მდგომარეობა - EMC და საია მოუწოდებენ პარლამენტს, დააჩქაროს შრომის რეფორმა

11 ივნ 202014:51
3 წუთის საკითხავი
 
8rttqt7jydecovc.jpg

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, სამუშაო ადგილზე სამი ადამიანის დაღუპვის ფაქტსა და ტყიბულის ნახშირმომპოვებელ საწარმოში სიცოცხლისათვის საშიში შრომითი პირობების გამო მომხდარ მორიგ ინციდენტს ეხმაურებიან და საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ, დააჩქაროს საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი კანონპროექტების განხილვა, რომელიც მოიცავს მშრომელთა უფლებების მნიშვნელოვან გარანტიებსა და შრომის კანონმდებლობის ეფექტური აღსრულებისთვის აუცილებელ საკანონმდებლო ცვლილებებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შრომითი ურთიერთობების არსებული საკანონმდებლო მოწესრიგება ვერ უზრუნველყოფს შრომითი ხელშეკრულებებით დასაქმებულთა უფლებების სრულყოფილ დაცვას, ასევე რეგულირების მიღმა ტოვებს თვითდასაქმებულთა და არაფორმალურად დასაქმებულთა უზარმაზარ სექტორს. სახელმწიფოს არც შრომის კონონმდებლობის აღსრულების ეფექტური მექანიზმები გააჩნია. 

„წლების განმავლობაში, საქართველოში უცვლელად მძიმეა დასაქმებულთა მდგომარეობა; მასობრივად ირღვევა მშრომელთა უფლებები; ღირსებისშემლახავი და სახიფათო სამუშაო გარემო ბევრი დასაქმებულის ყოველდღიურობაა; სამუშაო ადგილზე სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის გარანტიებს ვერ ქმნის ინსტიტუციურად სუსტი შრომის ინსპექტირების მექანიზმი; არარეგულირებული სამუშაო დრო, არაანაზღაურებადი ზეგანაკვეთური შრომა, დასვენებისა და შესვენების გარეშე მუშაობა, სისტემატური პრაქტიკაა; დასაქმებულთა დაუცველობის მასშტაბს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისი, რის გამოც რიგი დამსაქმებლების გადაწყვეტილებით, უამრავი ადამიანი დარჩა ანაზღაურებისა თუ სამუშაოს გარეშე. 

მიუხედავად ცალკეული ხარვეზებისა, პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტები აღნიშნულ გამოწვევებს, დიდწილად პასუხობს. მათ გააჩნიათ პოტენციალი, შექმნან აღწერილ პრობლემათა დიდი ნაწილის მოგვარების საფუძველი. კანონპროექტებით გათვალისწინებულია სამუშაო დროის, ზეგანაკვეთური სამუშაოს, სტაჟირების, არასრული განაკვეთის, სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციისგან დაცვის რეგულირება და მშრომელების დაცვისთვის აუცილებელი სხვა მნიშვნელოვანი დებულებები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იზრდება შრომის ინსპექციის მანდატი და მოიცავს შრომითი უფლებების სრულყოფილი მონიტორინგის შესაძლებლობებსა და დარღვევებზე სანქცირების უფლებას, რაც შრომითი კანონმდებლობის აღსრულებისა და სამუშაო ადგილებზე დაშავებისა და დაზიანების პრევენციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

მოვუწოდებთ პარლამენტს, კანონპროექტების ღირებული დებულებების მიღებით მაქსიმალურად დაახლოვოს შრომის კანონმდებლობა ევროკავშირის დირექტივებისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებით განსაზღვრულ სტანდარტებთან და შრომის ინსპექციის უფლებამოსილების გაზრდისა და ინსპექციისთვის სათანადო რესურსების მობილიზების გზით ხელი შეუწყოს აღსრულების მექანიზმების გაძლიერებას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, რომ 8 ივნისს მარნეულში მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა - ის ადგილზე გარდაიცვალა.

7 ივნისს ბათუმში, მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა.

1000 მეშახტე სამუშაოს შესრულებაზე უარს აცხადებს - უკვე მეორე დღეა, ტყიბულის მინდელისა და ძიძიგურის შახტებში ნახშირის მოპოვების სამუშაოები შეწყვეტილია.  მეშახტეები პანდემიის დროს მუშაობისას აღებულ ხელფასებზე სახელმწიფოსგან საშემოსავლო გადასახდის უკან დაბრუნებასა და უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფას მოითხოვენ. 

მინდელის შახტაში ორი დღის წინ ინციდენტიც მოხდა. ლიფტი გაიჭედა და 22 მეშახტე დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში შახტში იყო გაჭედილი. მეშახტეები ამბობენ, რომ ასეთი რამ პირველად არ ხდება. 

 


close დახურვა