უკრაინის, პოლონეთისა და ლიეტუვის პრემიერმინისტრებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომელიც უკრაინის NATO-სა და ევროკავშირში შესვლის პროცესზე მოლაპარაკებების გააქტიურებასა და უკრაინისადმი დახმარების გაძლიერებას მოიცავს.
ამის შესახებ უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.
ერთობლივ განცხადებას 3 ქვეყნის ლიდერმა ხელი 26 ნოემბერს, კიევში, ლუბლინის სამკუთხედის შეხვედრის ფარგლებში მოაწერა.
“მოხარული ვარ რომ დღეს კიევში ვმასპინძლობ ლიეტუვისა და პოლონეთის ხელისუფლების ლიდერებს: ინგრიდა შიმონიტესა და მატეუშ მორავიეცკის. ლუბლინის სამკუთხედის ფორმატში ჩვენ განვიხილეთ მიმდინარე საკითხები და გამოწვევები, ასევე ხელი მოვაწერეთ ერთობლივ განცხადებას, რომელშიც ჩვენს მთელ რიგ პოზიციებზე შევთანხმდით“ - განაცხადა დენის შმიგალმა.
შმიგალის თქმით, მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, რომ 2023 წელს ვილნიუსში დაგეგმილ სამიტისთვის გაააქტიურებენ NATO-ში დისკუსიებს სამხედრო ალიანსში უკრაინის წევრად მიწვევის შესახებ.
„ხაზი გაუსვეს უკრაინისთვის სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების მნიშვნელობას და ასევე დაადასტურეს დამატებითი მონაწილეობა უკრაინის ხელახალ აღმშენებლობაში“ - აცხადებს შმიგალი.
უკრაინის პრემიერის თქმით, მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ევროკომისიის მხრიდან რეკომენდაციების შესრულების შესახებ დადებითი შეფასების შემთხვევაში, მხარს დაუჭერენ უკრაინის ევროკავშირში მყისიერად გაწევრიანებას.
ლუბლინის სამკუთხედი დიპლომატიური ინიციატივაა, რომელიც 3 ქვეყანას: უკრაინას, ლიეტუვასა და პოლონეთს აერთიანებს. ალიანსის შექმნის შესახებ შეთანხმებას მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა 2020 წლის 28 ივლისს, პოლონეთის ქალაქ ლუბლინში მოაწერეს ხელი. ამ ფორმატის ფარგლებში ჩამოთვლილი ქვეყნები ერთმანეთთან პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ სფეროებში თანამშრომლობენ.