პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომ 2020-ის არჩევნები 100/50-ზე საარჩევნო სისტემით ჩატარდება და შემდეგი საარჩევნო წლიდან სრულად პროპორციულად, ოპოზიცია აბსურდს უწოდებს და აცხადებს, რომ ისინი არანაირ დათმობაზე წასვლას არ აპირებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს ნიკა მელიას მიაჩნია, რომ „ქართულ ოცნებას“ აღარ აქვს მოსახლეობაში უწინდელი ნდობა.
„2016 წელს, როდესაც მოსახლეობის მხრიდან „ქართული ოცნებისადმი“ ჯერ კიდევ იყო დიდი ნდობა, 47% მაშინ ვერ აიღეს. 4 წლის შემდეგ ეს ადამიანები გამოდიან და ასეთი საარაკო ტყუილებით ცდილობენ, რომ დღე გადააგორონ. მე კომფორტულად არ ვგრძნობ თავს, რომ თითქოს პოლიტიკოსების განცხადებებზე გავაკეთო განცხადება. ესენი თავისით არ ლაპარაკობენ, რაღაც მესიჯბოქს უწევს ვიღაც“, - განაცხადა მელიამ.
„ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის პოზიცია უცვლელია და 100/50-ის განხილვას არ აპირებენ.
„ის, რომ 2020 წლის შემდეგ ყველა არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციული საარჩევნო სისტემით, ეს ბატონი თალაკვაძის შემოთავაზება არაა, ეს კონსტიტუციაში წერია. რაც შეეხება 100/50-ზე სქემას, ეს საზოგადოების დაკვეთა არაა. შესაბამისად, ასეთი აბსურდული წინადადება ბევრჯერ მოვისმინეთ და ბევრჯერ ვუპასუხეთ, რომ ოპოზიცია ამ მიმართულებით არ აპირებს ნაბიჯების გადადგმა“, - განაცხადა ნადირაშვილმა.
„გამარჯვებული საქართველოს“ წევრი პაატა მანჯგალაძე კი შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას მთლიანად „ქართულ ოცნებას“ აკისრებს.
სიტუაცია „ქართულმა ოცნებამ“ არია. ბიძინა ივანიშვილმა არ შეასრულა დაპირება პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით. შესაბამისად, თუ ვინმემ უნდა შეცვალოს რეალობა, ეს ქართული ოცნების პასუხისმგებლობაა. 100/50-ზე მოლაპარაკებასა და სხვა ვაჭრობებში ოპოზიცია მონაწილეობას არ მიიღებს, იმ ფონზე, როდესაც მოლაპარაკების მაგიდასთან მსხდომ ოპოზიციონერ ლიდერებს იჭერენ.
შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა არ შეასრულა დაპირება და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო, რის შემდეგაც ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა დაიწყეს აქციები ერთადერთი მოთხოვნით - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გამართულიყო პროპორციული საარჩევნო სისტემით. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით არ ჩატარდება და საკითხი განხილვას არ ექვემდებარება. ამავდროულად „ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატები გამოვიდნენ ინიციატივით, რომ შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და ის სრულად მაჟორიტარულზე გადავიდეს.
დიპლომატიური კორპუსის შუამდგომლობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების უკვე 4 შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მმართველმა გუნდმა საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ მათთვის მისაღები არც ოპოზიციის მიერ შეთავაზებული ე.წ. გერმანული მოდელია და ის კონსტიტუციას არ შეესაბამება.
მეოთხე შეხვედრის დასრულების შემდეგ, მმართველმა გუნდმა ახალი ინიციატივა წარადგინა, რომლის მიხედვითაც ოპოზიციას შერეული სისტემის შენარჩუნებას სთავაზობენ, თუმცა გაზრდილი იქნება პროპორციული მანდატების რაოდენობა, მაჟორიტარულის კი შემცირდება. კერძოდ, მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობა იქნება 50, ხოლო პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული დეპუტატების რაოდენობა 100. მმართველი გუნდის წევრების თქმით, ეს შეთავაზება საბოლოოა.
ოპოზიციისთვის 100/50-ის სისტემა მიუღებელია. ისინი მოითხოვენ, რომ არჩევნები ან სრულად პროპორციულად, ან ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარდეს. მათი განცხადებით, ეუთო/ოდირის დასკვნის თანახმად, აღნიშნული მოდელი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოდის.
ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, საერთაშორისო პარტნიორების მედიატორობით, შეხვედრის მეხუთე რაუნდი, „ფორმულას“ ინფორმაციით, 11 თებერვალს უნდა გამართულიყო.
აღსანიშნავია, რომ მმართველ გუნდს ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები ღიად მოუწოდებენ, რომ შეასრულონ დაპირება და საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩაატაროს.
თუმცა, ოპოზიცია მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაბრუნებას არ აპირებს. როგორც ისინი აცხადებენ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიმდინარე დიალოგი ხელისუფლებამ მაშინ ჩაშალა, როდესაც, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიგი უგულავა სამწლიან პატიმრობაში გაუშვა.
ამ საკითხს ხელისუფლების წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ. პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ 2020 წელს არჩევნები 100/50 პროპორციით გაიმართება, 2024 წლისთვის კი საქართველო სრულად პროპორციულ სისტემაზე გადავა. თალაკვაძის თქმით, თუ ოპოზიცია ამ შეთავაზებას არ დათანხმდება, მომავალი არჩევნები კონსტიტუციით გათვალისწინებული კანონით ჩატარდება.