რუსთაველის გამზირზე, ოპერის შენობასთან „ევროპული საქართველოს“ წევრები და მათი მხარდამჭერები იკრიბებიან, ისინი მსვლელობით შეუერთდებიან რუსთაველზე პარლამენტის წინ შეკრებილ ხალხს.
როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი ირმა ნადირაშვილი ამბობს, მხოლოდ საზოგადოების მხრიდან ზეწოლაზე რეაგირებს ბიძინა ივანიშვილი, ამიტომ ეს პროტესტი მნიშვნელოვანია.
„ჩვენ უკვე ვნახეთ ერთხელ 20 ივნისის მოვლენების დროს, რომ ბიძინა ივანიშვილი რეაგირებს სწორედაც საზოგადოების მხრიდან ზეწოლაზე და ამის მაგალითი იყო პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომაც და პროპორციული სისტემის შეთავაზებაც. ის, რომ მერე ჩათვალა ,რომ ხალხის პროტესტი მინელდა და გადაწყვიტა, ხალხი გადააგდოს ამაზე ივანიშვილმა სწორედ ისევ პროტესტით უნდა მიიღოს პასუხი და ის ვეღარ უნდა გამოძვრეს იმ ჩიხიდან, რომელშიც თავისი ტყუილების გამო შევიდა. ეს შეიძლება იყოს პროტესტის ერთ-ერთი ხალხმარავალი აქცია და პროტესტის ერთ-ერთი დღე მაგრამ ეს არის დასაწყისი - ივანიშვილი უნდა გრძნობდეს ყველგან დისკომფორტს, ისიც და მისი მთავრობის წევრებიც, ვინც ხალხი მოატყუა“, - განაცხადა ნადირაშვილმა.
ნადირაშვილის თქმით, ის დღეს ხელისუფლების მხრიდან აქციის დარბევას არ ელოდება.
„აბსოლუტურად არაადეკვატურია ეს მთავრობა და ჩვენ ვნახეთ როგორ არაადეკვატურად იმოქმედა გახარიამ 20-ში, თითქმის მოლაპარაკებებზე იყო შეთანხმებული ყველა, მაშინ დაიწყეს დარბევა და ადამიანებისთვის თვალებში სროლა. ისინი შეშინებულები არიან და როდესაც შეშინებული ხარ, ძალიან ბევრ შეცდომას უშვებ, მაგრამ არ არსებობს, არანაირი დარბევა არანაირი ზეწოლა, რომლითაც შეგიძლია, რომ ამხელა უკმაყოფილება შეაჩერო და ადამიანები ასე შეაშინო, განსაკუთრებით საქართველოში. ნებისმიერი შეცდომა კიდევ უფრო დაამძიმებს ივანიშვილს. დღეს არანაირ დარბევას არ ველოდები, პარლამენტში პოლიციის შეყვანით ზეგავლენას ვერ მოახდენენ“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.