logo
ENG



ნადირაძე სააკაშვილზე: იკვებება მცირე რაოდენობით, შერჩევითად - კახექსია არ დასტურდება

16 დეკ 202201:47
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/16/osdftrge729of6y.jpg

ვივამედის დირექტორის, ნინო ნადირაძის თქმით, სააკაშვილი შერჩევითად, მცირე ულუფებით იკვებება და მისი ლაბორატორიული მონაცემები არ ჯდება კახექსიის დიაგნოზში.

ამის შესახებ მან ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა.

ნადირაძის თქმით, სააკაშვილი შერჩევითად და მცირე ულუფებით იკვებება და სიცრუეა, რომ ის საკვებს ვერ ირგებს და ამიტომ არ სუქდება. ნადირაძემ ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილს არ აქვს ფიზიკური წინააღმდეგობა, რაც ყლაპვაში ხელს შეუშლიდა.

ნადირაძის ცნობით, სისხლში კახექსიის მარკერების გაზომვის შემდეგ დადგინდა, რომ „მისი ლაბორატორიული მონაცემები კახექსიის დამადასტურებელ სურათს არ იძლევა“

ის [სააკაშვილი] იკვებება მცირე რაოდენობით, შერჩევითად... რა ოპერაცია გაიკეთა, რა სჭირს, ამაზე ვერ ვსაუბრობ, რადგან არ მაქვს მათი მხრიდან წერილობითი თანხმობა... ფაქტი ერთია, რასაც ჭამს- იყო სულ 1 ან 2 გულისრევა-პირღებინების ეპიზოდი. სხვა შემთხვევაში, რასაც ჭამს, მცირე რაოდენობით თუ რაც თვითონ მას სურს, ყველაფერს ირგებს. ის, რომ ვერ ირგებს და ამიტომ ვერ სუქდება, ეს მომენტი არ არის. ფიზიკური წინააღმდეგობა ის, რაც ხელს უშლის გადაყლაპვას, ფიზიკური არ არსებობს, ხოლო იმის დიფერენცირება ან დამტკიცება, რომ არ ჭამს თუ ვერ ჭამს, ეს იმდენად სუბიექტური და სათუოა, რომ ამის დამტკიცება ძალიან რთულია... ჩვენ რაც დავთვალეთ ინდექსები, კახექსიაში არ ჯდება. მისი კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემები კახექსიის დამადასტურებელ სურათს არ იძლევა“ - განაცხადა ნინო ნადირაძემ.

ვივამედის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ მაისში სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანიდან მალევე იმისთვის, რომ დადგენილიყო რატომ განვითარდა ერთ-ერთი პათოლოგია, რისი მიზეზიც შესაძლოა, მათ შორის ყოფილიყო სხვადასხვა მეტალით თუ ნივთიერებით ინტოქსიკაცია, სააკაშვილს ტოქსიკოლოგიური ანალიზიც ჩაუტარეს.

ნადირაძის თქმით, ანალიზები გერმანიაში გაგზავნეს, და "სისხლში არაფერი მსგავსი არ აღმოჩნდა და მწვავე ინტოქსიკაციაზე სპეკულაციები დასრულდა".

ნადირაძის თქმით, მას არ უნახავს ის ციფრები სადაც საუბარია, რომ სააკაშვილის ფრჩხილებსა და თმაში მეტალის კვალი იპოვეს.

2 დეკემბერს გავრცელებულ ამერიკაში ჩატარებულ ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზის დასკვნაში, რომელსაც პროფესორი დეივიდ სმიტი აწერს ხელს, წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია მძიმე მეტალებისა და სხვა აგენტების არსებობა, მათ შორისაა ვერცხლისწყალი და დარიშხანი. ამ ნივთიერებებს უკავშირებს სპეციალისტი სააკაშვილის პათოლოგიურ სიმპტომებს.

ტოქსიკოლოგიურ დასკვნაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ 3 ძირითად საკითხზეა საუბარი: ორგანიზმში მძიმე მეტალების არსებობაზე, მისი მკურნალობის პროცესში მედიკამენტების ჭარბ, არამიზნობრივ გამოყენებასა და პოლიფარმაციის შედეგად ტვინის ქერქის დაზიანებაზე.


close დახურვა