logo
ENG



ნავალნის დაკავებაზე საუბრისას, ვოლსკი პარალელს პუტინსა და სააკაშვილს შორის ავლებს

18 იან 202116:26
3 წუთის საკითხავი
 
ნავალნის დაკავებაზე საუბრისას, ვოლსკი პარალელს პუტინსა და სააკაშვილს შორის ავლებს

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი გია ვოლსკი რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის დაკავებას ეხმაურება და საკითხის შეფასებისას პარალელს ავლებს ვლადიმერ პუტინსა და მიხეილ სააკაშვილს შორის, რომელიც თავად არის  სამართლებრივ დევნაში.

კერძოდ, ვოლსკი ამბობს, რომ პუტინი ოპოზიციონერებს დევნის და ეს მმართველი გუნდის წევრის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის "ხელწერაა". 

რაც შეეხება უშუალოდ ნავალნის, ვოლსკი ამბობს, რომ პოლიტიკოსი საქართველოს მიმართ პოზიტივს არ გამოხატავდა და ოკუპაციასთან დაკავშირებით მძიმე განცხადებებს აკეთებდა. 

"ნავალნიმ საკმაოდ მძიმე განცხადებები გააკეთა, როგორც მახსოვს, საქართველოს მიმართ, მას შემდეგ, რაც რუსეთის საოკუპაციო ძალები შემოიჭრა საქართველოში. იგივე იყო უკრაინის, ყირიმის მიმართ და ამ საკითხთან დაკავშირებით, შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციონერს ასე არ უნდა სდევდე, სასიკვდილოდ არ უნდა იმეტებდე, რაც სააკაშვილის ხელწერისთვის იყო დამახასიათებელი, მაგრამ რეალობაში, ნავალნი ​არ არის ის პიროვნება, ვინც თავისი პოლიტიკური პოზიციით საქართველოსთვის რაიმე პოზიტივს გამოხატავდა - პირიქით", - განაცხადა გია ვოლსკიმ. 

ცნობისთვის, ალექსეი ნავალნი რუსეთში გუშინ დაბრუნდა. ის შერემეტიევოს აეროპორტში საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ დააკავეს. მანამდე ის გერმანიაში იმყოფებოდა, სადაც 5 თვის წინ სამკურნალოდ გადაიყვანეს. პოლიტიკოსი აგვისტოში ნოვიჩოკით მოწამლეს და შარიტეს კლინიკაში მკურნალობდა. რუსეთის ოფიციალური უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, "ნავალნიმ პირობითი მსჯავრი არაერთხელ დაარღვია და მისი დაკავება სწორედ ამას უკავშირდება". 


close დახურვა