ალექსეი ნავალნის მოკავშირე, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ლუბოვ სობოლი აგვისტოში, საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოუშვეს, რაზეც ინფორმაციას რუსული გამოცემა - Дождь ავრცელებს.
როგორც რუსული გამოცემა წერს, ლუბოვ სობოლი აგვისტოში სომხეთში იმყოფებოდა, იქიდან კი საქართველოში გადმოსვლა სურდა, თუმცა, ამის უფლება საზღვარზე არ მისცეს.
"სომხეთიდან თვითმფრინავები ცუდად დაფრინავენ, საქართველოდან უფრო მარტივია სხვა ქვეყანამდე მიღწევა. მაგრამ როცა მე საქართველოს საზღვართან მანქანით მივედი, ჩვენ გაგვაჩერეს და გვითხრეს, რომ რაღაც იყო დოკუმენტებთან დაკავშირებით. მაქვს ვარაუდი, რომ მათ ბაზაში, ჩემი გვარის გასწვრივ, იყო რაღაც აღნიშვნა. იმიტომ რომ, ქალმა მესაზღვრემ, საბუთების შევსებისას, აღნიშვნა დაინახა. ჩემი თანმხლები პირი მაშინათვე შეუშვეს, მე კი საზღვარზე ვიდექი. ერთი საათის შემდეგ, ჩემთან მოვიდა მესაზღვრე, ჩართო ვიდეო კამერა და მითხრა რომ ჩემს შეშვებაზე უარია. მე ვცდილობდი მიზეზის დადგენას, მაგრამ მე მითხრეს, რომ დახმარება არაფრით შეუძლიათ. მითხრეს, რომ სურდათ, მხოლოდ ის, რომ ქაღალდზე ხელი მომეწერა, რომ შესვლა ამიკრძალეს." - ამბობს ლუბოვ სობოლი რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში.
ლუბოვ სობოლი ფიქრობს, რომ ის საქართველოში არ შეუშვეს, რადგან საქართველოს მთავრობას არ სურდა ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობის გაფუჭება.
"არანაირი ქმედება, რაც შეიძლებოდა ჩათვლილიყო, როგორც საქართველოს საწინააღმდეგოდ მიმართული, მე არ ჩამიდენია. ადრე იყო ამბავი, როდესაც საქართველოში არ შემოუშვეს ჟურნალისტი ილია აზარი, მაგრამ როგორც ჩანს, ის მანამდე აფხაზეთში იმყოფებოდა. მე აფხაზეთში არ ვყოფილვარ და არც სხვა ქმედება, რაც შესაძლოა საქართველოს მიმართ არამეგობრული ყოფილიყო არ ჩამიდენია. მე საქართველოში ბევრი ნაცნობი მყავს, მომწონს ეს ქვეყანა, მისი კულტურა და ენა. საკმაოდ საწყენი და არასასიამოვნოა, ასეთი გადაწყვეტილება, თუნდაც პირად დონეზე. ეს დაკავშირებულია, როგორც მე ვხვდები, იმასთან, რომ საქართველოს მთავრობას არ სურს პუტინთან ურთიერთობის გაფუჭება" - ამბობს ლუბოვ სობოლი.
ლუბოვ სობოლის აზრით, ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც საქართველოში წასვლას გადაწყვეტს, იქნება ეს პოლიტიკოსი თუ ჩვეულებრივი ადამიანი, არსებობს რისკი, რომ მას საზღვარზე არ შეუშვებენ.
20 ოქტომბერს, ცნობილი გახდა, რომ ლუბოვ სობოლი რუსეთმა ძებნილად გამოაცხადა. აგვისტოში ლუბოვ სობოლმა, რუსული მედიის ცნობით, რუსეთი დატოვა. სობოლის თქმით ის სომხეთში ოპერაციის გასაკეთებლად წავიდა. სობოლს რუსეთის მთავრობამ აუკრძალა სახლიდან ღამე გასვლა და ქვეყნის საზღვრების დატოვება.
ლუბოვ სობოლი რუსეთის ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს წევრია. გარდა ამისა ის ქმნის, იუთუბ არხს - "ნავალნი ლაივი" ალექსეი ნავალნის შესახებ. ლუბვ სობოლი ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის ადვოკატი იყო, ვიდრე 2021 წელს ფონდს დახურავდნენ.
ნავალნის ანტიკორუფციული ფონდი (FBK) მოსკოვმა ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. ამის შემდეგ, ლუბოვ სობოლმა დაგეგმილი საპარლამენტო კამპანია შეაჩერა და თქვა, რომ ამკრძალავი კანონების გაუქმებისთვის იმოქმედებდა. სობოლმა მაშინ თქვა, რომ ხელისუფლებას “ეშინია მისი დაშვების” სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებზე, რადგან მისი რეიტინგი გაერთიანებული რუსეთის კანდიდატების რეიტინგს აღემატება.
2020 წლის 20 აგვისტოს რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ნოვიჩოკის ჯგუფის ნივთიერებით მოწამლეს. ის რუსეთში მიფრინავდა, როცა თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა. რუსეთი ნავალნის მოწამვლასთან რაიმე კავშირს ამ დრომდე უარყოფს.
2021 წლის 17 იანვარს ნავალნი მოსკოვში დაბრუნდა და ის აეროპორტშივე დააკავეს. სასამართლომ მას ორი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საერთაშორისო საზოგადოება ამ დრომდე მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, რომ ნავალნი გაათავისუფლონ. ევროკავშირმა რუსეთის რამდენიმე მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სანქციებიც გაატარა.