ომბუდსმენის სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ეხმაურება. როგორც ის აცხადებს, სარჩელი დაგვიანებულია, რადგან გახმაურებულ 20-კაციან სიაზე გავლენას ვერ მოახდენს.
„საბჭო არ ასაბუთებს, თუ რატომ დაუჭირა მხარი მოსამართლის დანიშვნას. ეს საკითხი მწვავეა პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეებთან მიმართებაში. შეიძლება ისიც ითქვას, რომ სარჩელი შედეგიანი ვერ იქნება იმ 20-კაციანი სიის შემთხვევაში, რომელიც უკვე იქნა წარდგენილი. თუმცა, თუკი არის შანსი, რომ დაიხვეწოს კანონმდებლობა, რა თქმა უნდა, მისასალმებელია“ - აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.
პარლამენტში განსახილველად არსებული სიის დამტკიცებას არ ურჩევს ხელისუფლებას კახა წიქარიშვილი. „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ თავმჯდომარე ფიქრობს, რომ უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ამ სიის დამტკიცება მმართველი პარტიისთვის თვითლიკვიდაციისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
„ჩვენ ვეუბნებით „ქართულ ოცნებას“, რომ თუ ამ სიას დაამტკიცებს, ეს არის თვითლიკვიდაციის საუკეთესო გზა. პარტია 2012 წელს მოვიდა სამართლიანობის აღდგენის დევიზით, სამართლიანობა და ჩინჩალაძე ვერ ეწყობა ერთი-მეორეს. ეს იგივეა, რომ ეკლესიამ ეშმაკთან გააფორმოს პაქტი. ამიტომ „ქართული ოცნებისთვის“ ჩინჩალაძესთან პაქტის გაფორმება არის თვითლიკვიდაციის საუკეთესი გზა“, - ამბობს კახა წიქარიშვილი.
მიმდინარე პროცესებსა და გაკეთებულ განცხადებებს ზერელეს უწოდებს უზენაესი მოსამართლის ერთ-ერთი კანდიდატი, თამარ ალანია. მისი თქმით, მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის შესახებ განცხადებებს არ ახლავს არანაირი დამამტკიცებელი საბუთი და გაუგებარია, რას ემსახურება ე.წ. კლანით აპელირება. თამარ ალანია ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ პოზიტიურადაა განწყობილი პროცესის მიმართ და ელოდება პარლამენტის გადაწყვეტილებას.
„ეს არის ძალიან ზერელე განცხადება. არანაირი ფაქტი და მტკიცებულება, თუ რას ნიშნავს ეს ტერმინი და რას ემსახურება, არ იყო წარმოდგენილი. პროცესთან დაკავშირებით მაქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ პარლამენტი მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას", - აცხადებს თამარ ალანია.