იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე ნაზი ჯანეზაშვილი „ფორმულასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მან ნოდარ დუმბაძის სახელობის ინსტიტუტიდან დაიწყო სწავლა. თუმცა, ჯანეზაშვილი იქვე აღნიშნავს, რომ, თადუმაძისგან განსხვავებით, დუმბაძის გარდა, არაერთ უნივერსიტეტში მიიღო განათლება და პრესტიჟული სტიპენდიებიც მოიპოვა.
„როგორც ჩანს, ჩემი ხსენება დასჭირდათ. ჩემთან და თადუმაძესთან მიმართებით კონტექსტი არის სხვადასხვა. მე, ჯერ ერთი, როგორც ხდება ხოლმე, სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე ინსტიტუტში 1997 წელს და დავამთავრე 2002 წელს. ამის შემდეგ, მე ვისწავლე სხვადასხვა უნივერსიტეტში და სხვადასხვა ქვეყანაში მქონდა მიღებული სამი ძალიან პრესტიჟული სტიპენდია. თადუმაძე თუ იქ გაჩერდა, მე ამ ინსტიტუტით მხოლოდ დავიწყე ჩემი კარიერა და ძალიან ბევრი ვისწავლე იმისთვის, რომ მეტი ცოდნა მიმეღო როგორც სამართლის, ისე ადამიანის უფლებების სფეროში,“ - აცხადებს ჯანეზაშვილი.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში იურიდიულ კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობს. გუშინ გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძეს მოუსმინეს. განხილვის ერთ-ერთი საგანი კანდიდატის დიპლომი გახდა. თადუმაძის დიპლომში წერია, რომ მან სწავლა 1993 წელს ნოდარ დუმბაძის სახელობის ინსტიტუტში დაიწყო, თავად ინსტიტუტი კი 1994 წელს დაარსდა. ოპონენტები თადუმაძეს დიპლომის გაყალბებაში ადანაშაულებენ. თადუმაძის თქმით, მან სასწავლებელი ექსტერნად დაამთავრა.
დღეს სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ ნაზი ჯანეზაშვილის დიპლომი წარადგინა, რომელმაც იგივე უმაღლესი 2002 წელს დაამთავრა.