მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატების შესათანხმებლად ოპოზიცია შეკრებას უახლოეს დღეებში აპირებს. პარტიებმა საკუთარი პოზიციები უნდა დააფიქსირონ „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივაზეც, რომლის თანახმადაც, პარტია თბილისში ორი მაჟორიტარის წარდგენას გლდანსა და სამგორში აპირებს.
ოპოზიციის ლიდერები ერთიანობისა და შეთანხმების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს და აცხადებენ, რომ შეთანხმებას აუცილებლად შეძლებენ.
„ველოდებით იმას, რომ ეს შეთანხმება შედგება. ჩვენ ამაში ძალიან დიდი წვლილი შევიტანეთ და შევქმენით უნიკალური შესაძლებლობა ამ შეთანხმებისთვის. საუბარია არა ორი და სამი პარტიის და ორი და სამი პოლიტიკოსის შეთანხმებაზე, არამედ მთელი პოლიტიკური სპექტრის შეთანხმებაზე. ძალიან კარგია ერთობლივი ფრონტი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის, ველაპარაკოთ ჩვენს მოქალაქეებს და ამ მოლაპარაკებების პროცესში არ დაგვავიწყდეს პოლიტიკის მთავარი აქტორი. ესენი არიან ჩვენი თანამოქალაქეები“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მურთაზ ზოდელავამ.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, სტრატეგიული პრობლემა მაჟორიტარული ოლქების გადანაწილებაა, რადგან ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრი საქართველოს პარლამენტის წევრად აღარ უნდა იქცეს.
„ჩვენი პარტიის გეგმებია აღიგავოს პირისაგან მიწისა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი. ოლქების გადანაწილება არ არის სტრატეგიული თემა, სტრატეგიული პრობლემა გახლავთ, რომ 30 მაჟორიტარულ ოლქში არცერთი ბიძინისტი მაფიოზა ოლიგარქი არ გადაიქცეს საქართველოს პარლამენტის წევრად და არ ჰქონდეს კანონთა მიღების პულტი ხელში.
როგორც საერთო ფორმატში გადაწყდება და როგორც უკეთესი იქნება საქმისთვის და ქვეყნისთვის, მე იქ წავალ რიგით ჯარისკაცად. თუ ჩათვლიან, რომ არ არის საჭირო, არ წავალ“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.