logo
ENG



ნათელაშვილი: ხელისუფლებამ ხალხი გაწირა იმით, რომ ირანთან საზღვარი დროულად არ დაკეტა

27 თებ 202011:05
3 წუთის საკითხავი
 

შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას"  მიმართავს და მოუწოდებს , რომ მოსახლეობას პირბადეები დაურიგონ. ლეიბორისტების ლიდერი ხელისუფლებისგან ასევე მოითხოვს, რომ, შეწყვიტონ სწავლა ბაღებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში. მისივე განცხადებით, მთავრობამ ირანთან საზღვარი აქამდე იმიტომ არ დაკეტა, რომ მას სურს საზოგადოების ყურადღება, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის შეცვლაზეა ორინეტირებული, სასიკვდილო ვირუსისკენ მიმართოს.

„ხელისუფლებამ ხალხი კიდევ ერთხელ გაწირა იმით, რომ ირანთან საზღვარი დროულად არ დაკეტა. შედეგად კორონავირუსი უკვე საქართველოშია. გათვლა ძალიან მარტივი გახლავთ - გადაერთოს ხალხის ყურადღება რეჟიმის შეცვლიდან, აქტიური საპროტესტო მიტინგებიდან და აქციებიდან - სასიკვდილო ინფექციაზე. ივანიშვილის რეჟიმს ვერანაირი ვირუსომანია ვერ გადაარჩენს. კეთილი ინებეთ დაურიგეთ მოსახლეობას პირბადეები, შეწყვიტეთ სწავლა სკოლაში, საბავშვო ბაღებში და უმაღლეს სასწავლებლებში. ყველა ქვეყანამ, რუსეთმაც კი დაკეტა საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო საზღვარი - ჩინეთთან ირანთან, სამხრეთ კორეასთან და ყველა იმ რეგიონში, სადაც კორონავირუსის ფაქტი დაფიქსირდა. ​კორონავირუსი არის ჩვეულებრივი გრიპი და სასიკვდილო შედეგებიც არის ისეთივე, როგორც ჩვეულებრივ გრიპში",-აცხადებს ნათელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრმა სპეციალურ ბრიფინგზე დაადასტურა.  მისივე განცხადებით, ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან საქართველოში შემოვიდა. ​ტიკარაძის განცხადებით, მებაჟეებს, რომლებმაც კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანი შეამოწმეს, შემოწმება უტარდებათ, რომლის შემდეგაც საკარანტინო სივრცეში იქნებიან გადაყვანილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველო თანამშრომლობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში ვირუსის ეპიდემია არ მოხდეს. კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით პრემიერმა საგანგებო უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფი შექმნა. ჯგუფს თავად პრემიერი უხელმძღვანელებს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძის თქმით კი, ქვეყანა მზად არის იმისათვის, რომ ქვეყანაში ვირუსი არ გავრცელდეს. გამყრელიძემ მოქალაქეებს მოუწოდა იმ ქვეყნებში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ, სადაც კორონავირუსი გავრცელებულია. მან მოქალაქეებს მოქალაქეებს ასევე რეკომენდაციები მიაწოდა, რომ ხელები ხშირად დაიბანონ და გაანიავონ ოთახები. 


close დახურვა