ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ოპოზიციურ პარტიებს სთავაზობს ხელისუფლების წინააღმდეგ გაერთიანდნენ, თუმცა გარკვეული პირობებით.
ნათელაშვილის თქმით, წარსულში ოპოზიციის გაერთიანებამ მნიშვნელოვანი ძვრები მოახდინა და არსებული რეჟიმი დაასუსტა. თუმცა, მისი აზრით, შარლ მიშელის ხელშეკრულებაზე ნაწილის ხელმოწერამ და პარლამენტში შესვლამ ოპოზიციური ერთობა დაშალა და დასახული მიზანი - ხელისუფლების შეცვლა ჩაშალა.
„ქვეყნიერებამ იცის, რომ ოპოზიციურმა გაერთიანებამ აქ, ლეიბორისტული პარტიის ოფისში ისტორიული ძვრები მოახდინა არსებული რეჟიმის ფეხქვეშ და ის დამთავრდებოდა აუცილებლად სრული გამარჯვებით, რომ არა ოპოზიციურ პარტიათა პარლამენტში შესვლა“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ ახლა ოცნება კიდევ უფრო გაძლიერდა და კვლავ გადავიდა შეტევაზე. ამასთანავე, მისი თქმით, საზოგადოებაში არსებობს ოპოზიციის გაერთიანების მოთხოვნა, რისთვისაც მისი პარტია მზადაა, თუმცა 3 პირობა აქვს:
1. ყველა ოპოზიციონერმა დაწეროს განცხადება და შეიწყვიტოს პარლამენტის წევრობა.
2. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ხელი მოაწეროს მიმართვას ბიძინა ივანიშვილისა და მისი ქონების დასანქცირებაზე.
3. შეიქმნას პარლამენტის გარეთ საკონსულტაციო პარლამენტი ამ პარტიებისა და დეპუტატებისგან, რომლებიც მოამზადებენ გარდაუვალ ახალ არჩევნებს და საარჩევნო კანონმდებლობის ძირითად პარამეტრებს.
ნათელაშვილი აცხადებს, რომ ახლა მთავარია საქართველოს მომავალი, რისთვისაც აპირებს ბრძოლას და იმედი აქვს, რომ მის წინადადებას ოპოზიციური პარტიები სერიოზულად განიხილავენ.
„დღეს მთავარია, ჩვენი ქვეყანა და მისი მომავალი, მთავარია ამ საშინელი უბედურებიდან ჩვენი სახელმწიფოს ამოყვანა, ჩვენი ხალხის გადარჩენა. დღეს უკვე არ დგას საკითხი პარტიულ დაპირისპირებაზე. დღეს საკითხი დგას ასე: საქართველო უნდა გადარჩეს და მას აუცილებლად გადავარჩენთ და იმედია, ჩემი კოლეგები ამ განცხადებას სერიოზულად განიხილავენ და შეაფასებენ“, -განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.