logo
ENG



ნათია თურნავა: ლარის კურსის რყევები ზომიერია

16 სექ 202013:35
3 წუთის საკითხავი
 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ლარის გაცვლითი კურსის რყევები ზომიერია და ნეგატიური ტენდენციების გაღრმავების ნიშნები არ არსებობს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მთავრობის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ბიზნესი შეზღუდული აღარ იქნება, ნეგატიურ მოლოდინებს გაანეიტრალებს.

"თუ დავაკვირდებით ლარის ბოლო დროინდელ დინამიკას, ეს დინამიკა არ არის მაინცდამაინც დიდი რყევებით გამორჩეული. რყევები არის ზომიერი. ვფიქრობ, არანაირი მაკროეკონომიკური ნიშანი არ არსებობს, რომ უფრო გაღრმავდეს ნეგატიური ტენდენცია კურსთან დაკავშირებით. ნეგატიური მოლოდინები ახდენს მნიშვნელოვან ზეგავლენას ლარის კურსზე და ინფიცირებულთა ზრდის პარალელურად, შეიძლება გაჩნდა გარკვეული მოლოდინები მათ შორის ბიზნესში, რომ მთავრობა მიმართავს საყოველთაო საკარანტინო ღონისძიებებს და მოხდება ბიზნესის შეზღუდვა, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ეს არ მოხდება, ბიზნესი არ იქნება შეზღუდული და ეკონომიკა გააგრძელებს მუშაობს. ეს გაანეიტრალებს ნეგატიურ მოლოდინებს და ტენდენციები ლარის კურსთან დაკავშირებით არ გაღრმავდება", - განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, ბოლო დროინდელი მაჩვენებლები დამაიმედებელია, რადგან ინფლაციის კლება შეინიშნება.

"ბოლო დროინდელი ინფლაციის მაჩვენებლები დამაიმედებელია, რადგან ინფლაციის კლება შეინიშნება. ეკონომიკური ვარდნა გრძელდება, იმიტომ რომ წლევანდელი წელი ვერ იქნება პოზიტიური მაგრამ ვარდნის ტემპიც სუსტდება. ასევე, ბოლო რამდენიმე თვეში ჩვენ ვხედავთ, რომ ადგილობრივი წარმოების ექსპორტი იზრდება მიუხედავად ზოგადი პრობლემებისა საგარეო ბაზრებზე. იზრდება გზავნილებიც, აქედან გამომდინარე, ჩვენი მოლოდინები არის პოზიტიური", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

შეგახსენებთ, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში დაახლოებით 10 თეთრით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარის ღირებულება დღეს 3.15 ლარია, ევრო კი, 3.75 ლარი ღირს. კომერციულ ბანკებში დოლარის ფასი 3.16 – 3.20 ლარს შეადგენს, ევროს შეძენა კი 3.75 - 3.83 ლარად არის შესაძლებელი.


close დახურვა