logo
ENG



ნაკაიძე პრემიერს: არ მოგცემთ უფლებას, უმცირესობები მეორეხარისხოვან მოქალაქეებად ​მოხაზოთ

28 ივნ 202116:28
3 წუთის საკითხავი
 

დეპუტატმა ტარიელ ნაკაიძემ პარლამენტის სხდომაზე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უთხრა, რომ არ მისცემს უფლებას, საქართველოში მცხოვრები უმცირესობები მეორეხარისხოვან მოქალაქეებად მიიჩნიოს. 

ნაკაიძემ სიტყვით გამოსვლის დროს თქვა: 

"ბატონო პრემიერმინისტრო, მინდოდა, აქ ყოფილიყავით და სახეში შემოგეხედათ ჩემთვის. 

მე ვეფხისტყაოსნის გმირის, ტარიელის სახელს ვატარებ. მე დიდი ქართველი მამუშვილების, მემედბეგ აბაშიძის, სელიმბეგ ხიმშიაშვილის, გულო კაიკაციშვილის, საიათნოვას, ილაი ჭავჭავაძის, აზერბაიჯანელი ქალის, ფარიხანუმ სოფიევას (რომელიც 100 წლის წინ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ღირსებას იცავდა ამ ტრიბუნიდან) შთამომავალი ვარ. 

მე დღეს აქ საქართველოს უმცირესობების ხმა ვარ. მე ქართველი მუსლიმი ვარ. დიახ, მინდა, კარგად იცოდეთ, ბატონო პრემიერო, რომ მე ქართველი მუსლიმი ვარ. ჩვენ ღირსეულად და თავისუფლად რუსთაველის ქუჩაზე, ჩვენ ავაშენებთ მეჩეთებს, ჩვენ ავაშენებთ ეკლესიებს, ჩვენ ავაშენებთ სინაგოგებს. ჩვენ ავაშენებთ თავისუფალ, დამოუკიდებელ, მრავალფეროვან საქართველოს, რადგან ჩვენთვის ეს სულიერების უმთავრესი ტაძარია. 

მაგრამ თქვენ არ მოგცემთ უფლებას, ჩვენს კითხვებს გვერდი აუაროთ. თქვენ მოგიწევთ, გასცეთ პასუხი ჩვენს კითხვებს. თქვენ არ მოგცემთ უფლებას, საქართველოში მცხოვრები უმცირესობები მეორეხარისხოვან მოქალაქეებად მოხაზოთ და მონიშნოთ. არ მოგცემთ უფლებას, საქართველოში მცხოვრები უმცირესობები მხოლოდ უსაფრთხოების ჭრილში განიხილოთ. საქართველო ჩვენი სამშობლოა, ჩვენ მეტი სამშობლო არ გვაქვს. 

შევეჯიბროთ პატრიოტიზმსა და მის სიყვარულში. მე მინდა, ბოდიში მოვუხადო საქართველოს მოსახლეობას ასეთი ემოციური და ხმამაღალი გამოსვლისთვის, მაგრამ, ბატონო პრემიერო, თქვენ არ დამიტოვეთ სხვა შანსი. 

დაე, გაუმარჯოს მრავალფეროვან, თავისუფალ საქართველოს. ღმერთო, დალოცე საქართველო"


close დახურვა