logo
ENG



ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე ხმაურია - აქტივისტები რკინის ჯებირებს ხელებს ურტყამენ

28 მაი 202122:18
3 წუთის საკითხავი
clock 1363

სოფელ გუმათში, სადაც ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია იმართება, ხმაურია. აქციის მონაწილეები რკინის ჯებირებზე ხელებს ურტყამენ. 

რიონის მცველები სოფელ ნამახვანის მიმართულებით გზის გახსნას ითხოვენ და სკანდირებენ "გაგვიშვით".

ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა აქტივისტებს მიმართა, რომ ძალა არ გამოიყენონ და პოლიციელების შეურაცხყოფისგან თავი შეიკავონ.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციები რამდენიმე თვეა იმართება. აღსანიშნავია, რომ 23 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით აქციის მონაწილეები ჰესის მშენებლობას თბილისში აპროტესტებდნენ. შემდეგ კი ხეობაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს.

აქციის მონაწილეების მოთხოვნებია:

  • შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ენკამ დატოვოს რიონის ხეობა;
  • გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
  • გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში;
  • თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა;
  • დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართულია ამ პროექტში - აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავას მიმართ, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს.

ხელისუფლება აქციის მონაწილეებს ეუბნება, რომ ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მათ "გონიერებისკენ" მოუხმო.

აღსანიშნავია, რომ 25 მაისს, მედიაგამოცემა მთის ამბებმა მოიპოვა იუსტიციის სამინისტროს დასკვნა, რომელიც უარყოფითად აფასებს ნამახვანჰესის ხელშეკრულებას.

 


close დახურვა