გამოყენებული ძალა იყო არაპროპორციული და გადამეტებული - ადამიანის უფლებათა ცენტრმა გავრილოვის ღამისა და შემდგომ განვითარებული მოვლენების სამართლებრივი ანალიზი მოამზადა. ანგარიშში ნათქვამია, რომ საპროტესტო აქციის დაშლისას გამოყენებულმა ძალამ აქციის მონაწილეთა დასჯის შთაბეჭდილება დატოვა. ადამიანის უფლებათა ცენტრი რეკომენდაციით პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საერთო სასამართლოებს მიმართავს და ობიექტური გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდებენ. ცენტრის იურისტები აქციაზე დაშავებულებისთვის დაზალარებულის სტატუსის მინიჭებასაც ითხოვენ.
ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ახალი ხელისუფლება წინა მსგავსად ძალადობრივ პოლიტიკას აგრძელებს.
„საქართველოს უახლოეს ისტორიაში 2007 წლის 7 ნოემბრისა და 2011 წლის 26 მაისის შემდეგ გაჩნდა ახალი თარიღი, ეს არის 2019 წლის 20-21 ივნისი. ეს გვიჩვენებს, რომ ეს ხელისუფლება, წინა ხელისუფლების მსგავსად, აგრძელებს ძალადობის პოლიტიკას. მთელი რიგი სტანდარტები, რომელსაც ევროპული კანონები და ჩვენი კონსტიტუცია აწესებს, დარღვეულია,“- განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.
ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ სასამართლო დაკვეთას ასრულებს.
„პრობლემები არის არა მხოლოდ საგამოძიებო ორგანოებში და პროკურატურაში, არამედ სასამართლოს მხრიდანაც იგრძნობა ნება, რომ არ მოხდეს საქმეების გამოძიება და შეასრულოს ის დაკვეთა, რომელიც მათ მიღებული აქვთ. 20-21 ივნისის მოვლენები მთლიანად გვაჩვენებს ქვეყანაში არსებულ სურათს, სადაც სასამართლო, მართმსაჯულება, საგამოძიებო ორგანოები პოლიტიკურ შეკვეთებს ასრულებენ,“ - განაცხადა ნანუაშვილმა.
