„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის, უჩა ნანუაშვილის თქმით, საოკუპაციო ხაზზე რუსი სამხედროები ბევრად უფრო მეტ მოქალაქეს აკავებენ, ვიდრე საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაშია აღნიშნული.
როგორც მან „სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში“ განაცხადა, რუსეთის სასაზღვრო ძალების ოფიციალური მონაცემებით, 2009 წლიდან 2016 წლის ჩათვლით, მხოლოდ აფხაზეთის საოკუპაციო ხაზზე 14 00 ათასი დაკავების ფაქტი დაფიქსირდა.
ყოფილი ომბუდსმენი ოპოზიციის მსგავსად, ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობაზე საუბრობს და ფიქრობს, რომ მმართველი გუნდი რუსულ მხარესთან ურთიერთობის დაძაბვას ერიდება.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება რეალურად, არ რეაგირებს. გრძელდება დაკავებები და მხოლოდ იშვიათად ისმის ამის შესახებ. სჯობს, რომ იყოს უფრო მეტი პრევენციული ღონისძიებები განხორციელებული. ხელისუფლება როგორც ჩანს უფრო მეტად ერიდება სიტუაციის დაძაბვას, რუსეთზე, ოკუპანტ სახელმწიფოზე განცხადებების გაკეთებას, ყველა მეთოდით ცდილობს, რომ ეს ფაქტები საზოგადოებას, და საერთაშორისო საზოგადოებას არ გაუმხილოს. ამის სამწუხარო ფაქტებიც არსებობს. რაც ყველაზე სამწუხაროა, ხელისუფლებას არ აქვს არანაირი სტრატეგია თუნდაც იმ კრიზისული ვითარებიდან გამოსვლასთან დაკავშირებით, რომელიც თუნდაც შეიქმნა ახალგორში. სექტემბრიდან რეგიონი იყო ჩაკეტილი, მოსახლეობა ფაქტიურად ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე იდგა.
ცალკე საკითხია ის დაკავებები, რომელიც გრძელდება. ის ოფიციალური ციფრები, რომელიც ხშირად ქვეყნდება, არარეალურია, რადგან გაცილებით მეტი რაოდენობაა დაკავებების, თუმცა რიგ შემთხვევებში, მოსახლეობა, ადგილობრივები არ ამჟღავნებენ ამ ფაქტებს. ისინი არჩევენ მდგომარეობას, რომ გადაიხადონ ჯარიმა და გააგრძელონ იქ ცხოვრება“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.