logo
ENG



ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაციისთვის სასჯელი მკაცრდება

11 მაი 202110:35
3 წუთის საკითხავი
 
2021/05/11/uszfuonup2ydcl3.jpeg

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური, ფსიქოტროპული და ძლიერმოქმედი ნივთიერებების გასაღებისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სასჯელები მკაცრდება.

შსს-ს მტკიცებით, ბოლო პერიოდის პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ ნარკოტიკული საშუალების გასაღებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დღეს მოქმედი სანქცია სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს შემაკავებელი ფუნქციის შესრულებას.

"ნარკოტიკული საშუალების გასაღებით მიღებული მნიშვნელოვანი ფულადი
სარგებელი, უმეტესად ხელს უწყობს ახალი დანაშაულის ჩადენას და ამ სფეროში არაერთი პირის ჩართვასაც. სწორედ ამ ფაქტორებითაა ნაკარნახევი სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკის გამკაცრება ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ", - განმარტავენ უწყებაში.

წარდგენილი კანონპროექტით, ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ოდენობა 6-დან 10 წლამდე გაიზრდება. ასევე, 12-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება ის პირი, ვინც დიდი ოდენობით გაასაღებს ნარკოტიკულ საშუალებას.

მათივე ცნობით, გარდა ამისა, მნიშვნელოვნად იზრდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის დადგენილი სასჯელი. კერძოდ, თუ დღეს მოქმედი რედაქციით აღნიშნული ქმედების ჩამდენი პირისთვის გათვალისწინებულია 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა, პროექტის თანახმად ეს ვადა 14-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შემუშავებული ცვლილებების პროექტით ასევე მკაცრდება სანქციები ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო
გასაღებისათვის.

"წარმოდგენილი ცვლილებები სრულად იზიარებს საუკეთესი ევროპულ გამოცდილებას, მათ შორის ისეთი ქვეყნების, როგორიცაა გერმანია, ავსტრია, პორტუგალია, ესპანეთი, შვედეთი და ა.შ", - აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს საქართველოს მთავრობამ მხარი დაუჭირა და უახლოეს დღეებში პარლამენტს წარედგინება.


close დახურვა