logo
ENG



ნაუსედა: დეკემბერში საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობას განვიხილავთ

06 დეკ 202421:10
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/06/8npfqfxm5ou15vt.jpg

ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ქალაქ კლაიპედაში ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტებთან, ედგარს რინკევიჩსთან და ალარ კარისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობას განვიხილავენ.

ნაუსედას ცნობით, კოლეგებთან შეხვედრაზე საქართველოში არსებული ვითარება განიხილა.

"უპირველეს ყოვლისა, ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოში არსებული ვითარება სრულიად განსხვავდება 2008 წლის ვითარებისგან, როდესაც რუსეთის ფედერაცია შეიჭრა ქვეყანაში და ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია მოახდინა, მაგრამ ქართული საზოგადოება ოკუპანტისა და აგრესორის წინააღმდეგ ერთად დადგა. ამჯერად, ვხედავთ, რომ ქართული საზოგადოება ორადაა გაყოფილი", - განაცხადა ნაუსედამ.

ლიეტუვის პრეზიდენტმა საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა დაგმო და აღნიშნა, რომ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარს უჭერს.

"საქართველოში დეკემბერში ვიზიტის შესაძლებლობას განვიხილავთ, ეს შესაძლებლობა კვლავ ღიაა და ამას პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთანაც განვიხილავთ. ვფიქრობ, რაც უფრო ერთიანები ვიქნებით საქართველოსთან დაკავშირებით, უფრო ეფექტურად შევძლებთ ევროკავშირის პოლიტიკის განხორციელებას. ეს არის მიზეზი, თუ რატომაც ვუჭერ მხარს საქართველოს წინააღმდეგ სანქციებს, რომლებიც შეიძლება ევროპის დონეზე დაწესდეს", - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და პოლონეთის პრეზიდენტებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ ოცნების გადაწყვეტილებით, 2028 წლამდე შეაჩეროს მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრინების თემაზე, იმედგაცრუებულები არიან.

"ვინაიდან ინტეგრაცია ევროკავშირში არის საქართველოს კონსტიტუციაში გაწერილი ვალდებულება, გამოვხატავთ ღრმა იმედგაცრუებას მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, შეაჩეროს მოლაპარაკებები ამ თემაზე 2028 წლამდე. ეს სერიოზული დარტყმაა ქართველი ხალხის იმედებზე.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები დაამძიმა სერიოზულმა დარღვევებმა, რამაც ეჭვქვეშ დააყენა ახლადარჩეული პარლამენტის ლეგიტიმურობა.

ვგმობთ ხალხის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას და იმ ადამიანების დაპატიმრებას, ვინც თავის უფლებებს იყენებს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეაჩეროს ძალადობრივი ქმედებები და პატივი სცეს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებს. ძალადობის ყველა შემთხვევა უნდა იყოს გამოძიებული, დამნაშავეებმა კი პასუხი უნდა აგონ", - ვკითხულობთ განცხადებაში.


close დახურვა