logo
ENG



ნაუსედა: თუ იქნება შიდა არეულობა, რთული იქნება შეასრულოთ ევროკავშირში ინტეგრაციის პროგრამა

10 ივნ 202120:46
3 წუთის საკითხავი
 
2021/06/10/m6leakqj3dlr5ee.jpg

ლიეტუვის პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას განცხადებით, თუ საქართველოში შიდა არეულობები გაგრძელდება, ქვეყნისთვის რთული იქნება ევროკავშირში ინტეგრაციის პრგრამის შესრულება. 

როგორც ნაუსედამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ქვეყანა უნდა იყოს ერთიანი რათა პრობლემები მოგვარდეს. მან ასევე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზეს ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა სიტუაცია შეიცვალოს. 

"ვფიქრობ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავსვათ ოკუპაციის საკითხი სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციაზე, ღონისძიებებზე, ვთქვათ, რომ პრობლემა მოგვარებული არაა და ტერიტორია ჯერ კიდევ ოკუპირებულია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რაც შეგვიძლია, რომ სიტუაცია შევცვალოთ და ამ ხალხისთვის ვიბრძოლოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი ქვეყნისთვის, რომელიც ყოველთვის იყო საერთაშორისო პოლიტიკის პრინციპებისა და ღირებულებების მხარდამჭერი.

იმ ვითარებაში როდესაც სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ოკუპირებულია - თქვენ უნდა იყოთ ერთიანი, უნდა იპოვოთ საკითხის გადაჭრის გზები, თორემ წინსვლა ძალიან რთული იქნება. ეს უმნიშვნელოვანესია, იმიტომ რომ ახლა ყველა თქვენ გიყურებთ. თუკი იქნება შიდა არეულობა, დარჩება ის პრობლემებიც რომლებიც ჯერ კიდევ გადაუჭრელია, ასეთ შემთხვევაში ძალიან რთული იქნება შეასრულოთ ევროკავშირში ინტეგრაციის ამბიციური პროგრამა. მე კი მწამს, რომ თქვენ კვლავ ძლიერ გინდათ და ყველაფერს აკეთებთ რომ გახდეს ევროკავშირის და ნატოს წევრი", - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა. 

ლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ის დღეს სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთანაც ჩავიდა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო. 


close დახურვა