logo
ENG



ნაცვლიშვილი ნინოწმინდაზე: საქმის ჩაფარცხვის ოპერაციაა, მაქსიმუმ შუა რგოლზე გადატეხონ ჯოხი

04 ივნ 202111:37
3 წუთის საკითხავი
 
ნაცვლიშვილი ნინოწმინდაზე: საქმის ჩაფარცხვის ოპერაციაა, მაქსიმუმ შუა რგოლზე გადატეხონ ჯოხი
ფორმულა/ვახო ქარელი

ლელოს წევრ ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონატის მმართველი რგოლი ხელისუფლების დახმარებით ცდილობს, "საქმე ჩაფარცხოს" და ჯოხი ე.წ. შუა რგოლზე გადატეხოს.

ანა ნაცვლიშვილის აზრით, ამაზე მიანიშნებს ის ნარატივი, რაც სხვადასხვა მედიით ვრცელდება. დეპუტატის თქმით, ბავშვები არაეთიკურად და მათი ინტერესების გათვალისწინების გარეშე არიან ჩართული "საქმის ჩაფარცხვაში".

„იკვეთება შემდეგი სურათი: სხვადასხვა სახელისუფლებო ორგანოები დაკავებული არიან დროის გაყვანით და დანაშაულის დაფარვით. არ ხელმძღვანელობენ ბავშვის საუკეთესო ინტერესებით, რაც არის, რომ გამოიყვანონ ამ გარემოდან. ვხედავთ აშკარა მცდელობებს პანსიონატის მხრიდან, ხელისუფლების ხელშეწყობით, რომ მოხდეს ნინოწმინდის საქმის ჩაფარცხვა და ამაში სამწუხაროდ უკვე არაეთიკური ფორმებით ჩართეს ბავშვების ინდოქტრინაციის მექანიზმი. ვნახეთ ამ ბავშვების საუბარი მედიით.

ნათელი და ცხადია, მათ იყენებს სახლის ადმინისტრაცია და სხვადასხვა მედია, რომელსაც შერჩევითად აძლევენ შესვლის უფლებას მაშინ, როცა კონსტიტუციურ ორგანოს არ აძლევენ შესვლის უფლებას - მიმდინარეობს საქმის ჩაფარცხვის ოპერაცია. მაქსიმუმ რაზეც შეიძლება წავიდნენ, ასე ჩანს, ეს იქნება შუა რგოლზე ჯოხის გადატეხვა", - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, პირველ ეტაპზე უმნიშვნელოვანესია ბავშვების არსებული გარემოდან გამოყვანა. ხოლო შემდეგ ეტაოზე უნდა დადგეს არა მხოლოდ მაღალი სასულიერო იერარქიის პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობა, არამედ ხელისუფლების წარმომადგენლებისაც.

„ვიცით ის, რომ პანსიონის წარსულ ისტორიაში ყოფილა უმძიმესი უფლებადარღვევის ფაქტები. ეს ასახულია სხვადასხვა წყაროში და ადასტურებს, რომ ეს არის პრაქტიკა, რომელიც იქ იყო და შესაძლოა, დღემდე იყოს გავრცელებული. დღეს ხელისუფლების პრიორიტეტი უნდა იყოს ამ ბავშვების გამოყვანა და შემდეგ უკვე იმის გარკვევა, რაც ამ სახლში ხდებოდა. 

როგორც დასტურდება, წლებია ამ სახლში არსებობს პრობლემები და ეს არის არა მხოლოდ მეუფე სპირიდონის ბალანსზე, არამედ აქ იკვეთება მაღალი თანამდებობის პირების მინიმუმ სახელმწიფოებრივი გულგრილობის თემა, რაზეც ცალკე გამოძიება უნდა მიმდინარეობდეს", - აცხადებს დეპუტატი.

 

3 ივნისს ფორმულამ გავრცელა ინტერვიუ პანსიონის ყოფილ აღსაზრდელთან, რომელიც იქ გატარებულ წლებს იხსენებს და ბავშვებზე ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს. იგი ამბობს, რომ აღმზრდელები მათთან "ჯოჯოხეთს ატრიალებდნენ". 

"იყო ძალიან მძიმე ფაქტები ჩემთან და სხვებთან მიმართებით, იყო ბულინგი, ცემა რეიკებით, სახაზავებით, რაც ხელში მოყვებოდათ. [გვცემდნენ] აღმზრდელები, რომლებსაც ვითომ კაბა ეცვათ და ღმერთი სწამდათ სინამდვილეში კი იქ ჯოჯოხეთი ჰქონდათ დატრიალებული.

ლოგინის რეიკებით, ხის სახაზავებით, თუ არ დავიძინებდით შუადღეზე რეიტუზებით აგვიკრავდნენ თვალებს და გვაძინებდნენ, თუ არ დავიძინებდით და მასწავლებლებს არ დავემორჩილებოდით, მათ თავს არ დავუხრიდით, გვათენებინებდნენ პურის მარცვლებზე და ბრინჯზე 24 საათით მუხლებით, კუთხეში", -  ყვება ის. 

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) გეგმავს, რომ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართონ და მოითხოვენ ნინოწმინდის პანსიონიდან ყველა ბავშვის გამოყვანა.

 

სახალხო დამცველის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონში, რომელსაც სხალთელი ეპისკოპოსი, სპირიდონი მართავს, ბენეფიციარების მიმართ სავარაუდო ძალადობასთან დაკავშირებით ბოლო წლების განმავლობაში არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

ომბუდსმენის თქმით, სახალხო დამცველის აპარატმა პანსიონში მომხდარი სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა საქართველოს გენერალური პროკურატურიდან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ‪2016-2021 წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, მათ შორის გაუპატიურების მუხლითაც. 3 ივნისს ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი გამოძიება დაიწყო. 

გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო ძალადობის ოთხ (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი) და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).

ომბუდსმენმა 2021 წლის 15 აპრილს გამოაქვეყნა განცხადება, რომ 2020 წლის ივნისიდან მათ წარმომადგენლებს ნინოწმინდის პანსიონში არ უშვებენ. გადაწყვეტილება ეპისკოპოსმა სპირიდონმა მიიღო.

პანსიონში არ უშვებდნენ სახელმწიფოს წარმომადგენელ სოციალურ მუშაკსაც. ერთადერთი სოცმუშაკი დაწესებულებაში, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, 14 მაისს შევიდა.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ოფიციალური ინფორმაციით, 53 ბავშვი ირიცხება, თუმცა როგორც მეუფე სპირიდონისგან ირკვევა, 150-მდე ბენეფიციარი ჰყავთ.


close დახურვა