საქართველოს პარლამენტის წევრი ბექა ნაცვლიშვილი ამერიკის სენატსა და კონგრესს წერილით მიმართავს. ნაცვლიშვილი მათ კომპანია „ფრონტერას“ შესახებ მიაწვდის ინფორმაციას. როგორც ნაცვლიშვილი აღნიშნავს, დასავლელ პარტნიორებს კომპანიის შესახებ არასწორი ინფორმაცია აქვთ.
დეპუტატის თქმით, კომპანია დასაქმებულებს ხელფასს არ უხდის.
„ვიზიარებ კონგრესმენების წერილების ძირითად პათოსს, რომელიც შეეხება დემოკრატიულ ღირებულებებს, რომელიც შეეხება კანონის უზენაესობასა და რომელიც შეეხება პროპორციულ არჩევნებს, მაგრამ აქვე ამ წერილებში ყოველთვის მოხსენიებულია ხოლმე კომპანია „ფრონტერას“ საქმიანობა და ამერიკული კომპანიების საქმიანობა საქართველოში და მთავრობის მხრიდან მათი საქმიანობისთვის ხელშეშლა“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
„ფრონტერას“ ერთ-ერთი თანამშრომელი კი აცხადებს, რომ კომპანიას თანამშრომლების 11 თვის სახელფასო დავალიანება აქვს.
„11 წელი ვმუშაობდი, 11 თვის სახელფასო დავალიანება აქვს კომპანიას. მოგახსენებთ, რომ 8 წლის მანძილზე არ მოუციათ სპეც.ტანსაცმელი და ბოლო 2 წელი არ გვქონია დაზღვევა“, - აცხადებს თანამშრომელი.