logo
ENG



ნაციონალური მოძრაობა საარჩევნოდ ოთხ პოლიტიკურ პარტიასთან გაერთიანდა

15 სექ 202013:26
3 წუთის საკითხავი
 

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საპარლამენტო ბლოკი შექმნა. ბლოკში  5 ოპოზიციური პარტია ერთიანდება - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რესპუბლიკური პარტია, ევროპული დემოკრატები, პროგრესი და თავისუფლება და სახელმწიფო ხალხისთვის. ბლოკი 2020 წლის საპარალამენტო არჩევნებზე "ძალა ერთობაშიას" სახელით იბრძოლებს.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის თქმით, გაერთიანება საერთო ღირებულებებისა და იდეოლოგიის საფუძველზე ჩამოყალიბდა. 

"2018 წელს, როდესაც შეიქმნა გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია, ეს ოპოზიციური გაერთიანება ჩამოყალიბდა ღირებულებების და საერთო იდეოლოგიის საფუძველზე. საერთო იდეოლოგია და ღირებულებები იყო, უპირობო პროდასავლურობა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა და ადამიანის პირობების უპირობო დაცვა. სწორედ ამან მოუტანა 2018 წელს წარმატება, ჩვენ გაერთიანებას და თქვენ გახსოვთ, რა გაყალბებაზე მოუწია ხელისუფლებას წასვლა, რომ თავისი სასურველი კანდიდატი ათონელზე შეეტანა.

რაც შეეხება დღევანდელ პარტიებს, რომლებიც შემოგვიერთდნენ, მოლაპარაკებების შედეგად აღმოჩნდა, რომ მათაც ის მიზნები აქვთ, რაც ჰქონდათ იმ პარტიებს, რომლებიც 2018 წლიდან იყვნენ პარტიაში", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

სახელმწიფო ხალხისთვის ლიდერის, ნიკა მაჭუტაძის თქმით, ძალა ერთოაბაშია არჩევნებზე ერთიანი მაჟორიტარული და პროპორციული სიით წარდგება:

"ეს კოალიცია არის ის ფორმატი, რომელიც იმარჯვებს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც აყალიბებს მთავრობას. რა თქმა უნდა, კოალიციურ მთავრობას იმიტომ, რომ ჩვენ უკვე კოალიცია ვართ. ჩვენ პოლიტიკური პარტიები და ჩვენ ყველანი ერთად გამოვდივართ, როგორც პოლიტიკური ბლოკი და პოლიტიკური კოალიცია, ერთიანი მაჟორიტარული სიით, ერთიანი პროპორციული სიით, სადაც გათვალისწინებული იქნება ყველა პოლიტიკური და საზოგადოებრივი სუბიექტის ინტერესი, ასევე ის ძალა კოალიციაში, რომელიც აქვს ამა თუ იმ ხელმომწერ სუბიექტს", - განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.

რესპუბლიკური პარტიის წევრი, ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ ნაციონალურ მოძრაობას აქვს მძიმე წარსული, მაგრამ ასევე აქვს ხელისუფლებაში ყოფნის გამოცდილება. მისი თქმით, პარტიამ დღეს პირველი ნაბიჯი გადადგა იმისთვის, რომ ქვეყანას კოალიციური მმართველობა ჰყავდეს. 

"ჩვენ დღეს ვართ ვითარებაში, როდესაც გვაქვს ჩრდილოვანი მმართველობა და ხელისუფლებაში არსებული ძალა არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარდეს და წავიდეს წინ. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხელისუფლება შეიცვალოს. ნაციონალური მოძრაობა ეს არის პოლიტიკური პარტია, რომელსაც აქვს მძიმე წარსული, მაგრამ სერიოზული გამოცდილება, რომ იყო ხელისუფლებაში და დღეს მან გადადგა პირველი ნაბიჯი იმისთვის, რომ ქვეყანას ჰყავდეს კოალიციური მმართველობა", - აცხადებს ხათუნა სამნიძე.


close დახურვა