„ნაციონალური მოძრაობა“ განცხადებას ავრცელებს და უარყოფს ფეისბუქის მიერ წაშლილ ანგარიშებთან კავშირს.
როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ისინი არ არიან დაკავშირებულნი ფეისბუქის მიერ წაშლილ გვერდებთან და თავადაც მიესალმებიან არაავთენტური გვერდების გაუქმებას.
„კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არც მართავდა, არც მართავს და არც მომავალში აპირებს არაიდენტიფიცირებადი გვერდებით ოპერირებას. ჩვენთვის მსგავსი მეთოდებით პოლიტიკის კეთება მიუღებელია. მხარს დავუჭერთ ყველა რადიკალურ ღონისძიებას, რომელიც შეზღუდავს ყალბი ინფორმაციის გავრცელებას სოციალურ ქსელში. ნებისმიერი ასეთი გვერდი, მიუხედავად იმისა, რა პოზიციას იკავებს ამ გვერდის ადმინისტრატორი, უნდა გაუქმდეს.
მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიკურ ლიდერებს, განსაკუთრებით მათ, ვინც ერთ დროს „ნაციონალური მოძრაობას“ წარმოადგენდნენ და კარგად იციან, როგორ საქმიანობდა და საქმიანობს პარტია, თავი შეიკავონ მთავარ ოპოზიციურ პარტიაზე თავდასხმისგან. ჩვენმა მოქალაქეებმა კარგად იციან, რომ საქართველოში ფეიკინფორმაციის და სიძულვილის გაღვივების წყაროები ლაშა ნაცვლიშვილის, კოკა ყანდიაშვილის და შალვა რამიშვილის ავტორობით, ერთი მხრივ, რუსეთის ფედერაცია და მეორე მხრივ, „ქართული ოცნება“ არიან", - ვკითხულობთ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ფეისბუქის ადმინისტრაციამ საქართველოდან რამდენიმე ასეული ყალბი ანგარიში წაშალა. მათი ინფორმაციით, 790 ანგარიში კოკა ყანდიაშვილის მიერ იყო მართული, 153 ანგარიში კი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ იყო დაკავშირებული.