ნაციონალური მოძრაობის ოფისში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრის თემა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა.
ადვოკატი, დიტო საძაგლიშვილი ამბობს, რომ დიპლომატებს სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას გააცნობენ.
"ცხადია ვისაუბრებთ, მისი ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე, ცხადია, ჩვენი მიზანი არის, რომ ამ დარღვევებს მოჰყვეს ადეკვატური რეაგირება, მათ შორის დიპლომატიური კორპუსისგან, იმ პირობებში, როდესაც ამ ქვეყანაში არ არსებობს ინსტიტუციები მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური ტყვე, ცხადია, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენი დასავლური მეგობრების აქტიურობას", - ამბობს საძაგლიშვილი.
ომბუდსმენის მიერ შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მორიგი დასკვნა მოამზადა. დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს აქვს ცილოვანი შიმშილი. როგორც ექიმი აღნიშნავს, სააკაშვილი დღეში რეგულარულად მოხმარებადი კალორიის დაახლოებით 1/4-ს იღებს, ორგანიზმი კი "საკუთარ თავს ინელებს". ექიმები განმარტავენ, რომ ის ცილები, რომლებიც მას არ მიეწოდება, კუნთების დაშლის საშუალებით იღებს ამ ცილებს, შესაბამისად კუნთოვანი მასა მკვეთრად მცირდება ამ დროს. მათი მოსაზრებით, მის გამომწვევი შესაძლოა იყოს რეზისტენტული პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და დეპრესია, რამაც საბოლოოდ ანორექსია ანუ მადის დაქვეითება გამოიწვია.