logo
ENG



ნეთანიაჰუ: მხარს ვუჭერთ აშშ-ის გადაწყვეტილებას, ორი კვირით შეაჩეროს ირანზე დარტყმები

08 აპრ 202610:02
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/08/odynwvn5yri3skw.png

ისრაელი მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, ორი კვირით შეაჩეროს ირანის წინააღმდეგ დარტყმები, იმ პირობით, რომ ირანი დაუყოვნებლივ გახსნის სრუტეებს და შეწყვეტს ყველა თავდასხმას აშშ-ზე, ისრაელსა და რეგიონში არსებულ ქვეყნებზე. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაშია აღნიშნული.

ისრაელის პრემიერის ოფისის განცხადებით, ქვეყანა ასევე მხარს უჭერს აშშ-ის ძალისხმევას, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ „ირანი აღარ წარმოადგენდეს ბირთვულ, სარაკეტო და ტერორისტულ საფრთხეს ამერიკისთვის, ისრაელისთვის, ირანის არაბი მეზობლებისთვის და მთელი მსოფლიოსთვის.”

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აცნობა ისრაელს, რომ ერთგულია იმ მიზნების მიღწევის, რომლებიც საერთო ინტერესს წარმოადგენს აშშ-ისთვის, ისრაელისთვის და მისი რეგიონული მოკავშირეებისთვის, მოახლოებული მოლაპარაკებების ფარგლებში,” – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებით, ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა ლიბანს არ ეხება.

აშშ-ირანის შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო, მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა და ისრაელმა ირანის ტერიტორიაზე სტრატეგიულ ობიექტებზე იერიშები მიიტანეს. თეირანმა საპასუხოდ გლობალური მნიშვნელობის ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა, რამაც მსოფლიო ენერგობაზარზე კრიზისი და ნავთობის ფასების რეკორდული ზრდა გამოიწვია.

მარტის განმავლობაში აშშ-მა ოპერაცია „Epic Fury-ს“ ფარგლებში ირანის სამხედრო და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა დაბომბა, რასაც ირანის მხრიდან ისრაელისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ენერგოობიექტებზე სარაკეტო კონტრდარტყმები მოჰყვა. კრიზისმა პიკს აპრილის დასაწყისში მიაღწია, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა ირანს სრუტის გახსნისთვის ულტიმატუმი წაუყენა. ვითარება პაკისტანის აქტიური შუამავლობით გამართული ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად განიმუხტა, რასაც ორი კვირით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოჰყვა.


close დახურვა