logo
ENG



ნეპოტიზმი, ჩაწყობა და ფავორიტიზმი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში

27 ნოე 201919:34
3 წუთის საკითხავი
 
vtuhrrbckrbu0fk.jpg

ნეპოტიზმი, ჩაწყობა და ფავორიტიზმი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში - სასამართლო ხელისუფლების მმართველ ორგანოს ამ უმძიმეს ბრალდებებს მოქმედი მოსამართლე უყენებს. ჩხუბის, დაპირისპირების და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა დღეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის მოსმენა. ლევან თევზაძე ე.წ.-ი კლანის ფავორიტად მიიჩნევა. ის მოსამართლეთა პირველ სიაშიც იყო, თუმცა იმის გამო, რომ თევზაძეს იუსტიციის საბჭოს ერთ-ერთ წევრთან, ანუ მისივე კანდიდატურის ამრჩევთან, ნათესავური კავშირი აქვს, ის კონკურსს გამოეთიშა. ნათესავი ისევ საბჭოშია, ლევან თევზაძე კი უზენაეს სასამართლოში მოხვედრას მეორედ ცდილობს. 

არსებობს თუ არა სასამართლოში ნეპოტიზმი - ეს იყო კითხვა, რომელსაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ლევან თევზაძესთან გასაუბრების დროს დაპირისპირება მოჰყვა. საბჭოს წევრმა ანა დოლიძემ  თევზაძეს უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლის საჯარო ფეისბუქ პოსტი წაუკითხა, სადაც მოსამართლე სისტემაში არსებულ ნეპოტიზმს ამხელს და სამარცხვინოს უწოდებს. 

საბჭოს წევრები ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი დარწმუნებულები არიან, რომ კონკურსანტ ლევან თევზაძის სასარგებლოდ ჩინჩალაძე-მურუსიძის ე.წ. კლანს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს. ამ გარიგების მონაწილედ მათ დღეს საბჭოს კიდევ ერთი არამოსამართლე წევრი, ლევან გზირიშვილი დაასახელეს, რომლის შვილიც ორი დღის წინ საბჭომ იუსტიციის სკოლის მსმენელად აირჩია. 

დარბაზიდან გამოსულმა დოლიძემ და ჯანეზაშვილმა ლევან გზირიშვილის სამუშაო კაბინეტზე საგანგებოდ მომზადებული წარწერები გააკრეს - მამამ შვილი მოაწყო. 

ლევან გზირიშვილს დღეს მედიასთან კანდიდატ ლევან თევზაძის მიმართ კეთილგანწყობა არ დაუმალავს. თევზაძეს უკვე მეორედ აქვს მცდელობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდეს. პირველ ჯერზე ის კონკურსს საკუთარი სურვილით გამოეთიშა, საბჭოს წევრთან ნათესაობის მიზეზით ატეხილი აჟიოტაჟის გამო. ის შენგელიას ცოლის ძმაა.

უზენაეს სასამართლოში კიდევ ერთი ვაკანსია მას შემდეგ გაჩნდა, რაც ერთ-ერთ მოსამართლეს ვადა გაუვიდა.


close დახურვა