"ოჯახის წევრები კომპეტენტურები არიან და მათ დასაქმებაში არ ჩავრეულვართ," -ასეთია მმართველი პარტიის იმ დეპუტატების საერთო პათოსი, რომელთა გვარებიც საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს კვლევაში მოხვდნენ.
კვლევა თანამდებობის პირების ოჯახის წევრების საჯარო სამსახურში დასაქმებასა და შესაძლო ნეპოტიზმის ფაქტებს ეხება. ოჯახის წევრების დასაქმება პარლამენტში, სასამართლოებში, მუნიციპალურ სიპებსა და აიპებში - ასეთია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოვლენილი შემთხვევების ჩამონათვალი. აღსანიშნავია, რომ კვლევაში მხოლოდ მმართველი გუნდის წევრები მოხვდნენ, ოპოზიციიდან სიაში არავინაა. მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ მათი ნათესავების კარიერულ წინსვლაში არასდროს ჩარეულან და ისინი კომპეტენტურები არიან.
"ფორმულა" ესაუბრა დეპუტატ კობა კობალაძეს, რომლის შვილიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახსურშია დასაქმებული. კობალაძის თქმით, მის შვილს შესაბამისი განათლება და გამოცდილება აქვს. თუმცა, კობალაძეს უჭირს პასუხის გაცემა თუ როდის გაიარა მისმა შვილმა საჯარო სამსახურში კონკურსი.
სიაშია დეპუტატ დავით სონღულაშვილის მეუღლეც. მმართველი გუნდის წევრი ამტკიცებს, რომ მის მეუღლეს აქვს საერთაშორისო განათლება და მის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით კითხვები არ უნდა არსებობდეს. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის გიორგი ხანიშვილის შვილი კი, დასაქმებულია ღვინის ეროვნულ სააგენტოში. ამ შემთხვევაშიც ხანიშვილის პასუხი დეპუტატების პასუხების იდენტურია. ფაქტი კი ერთია, კვლევაში მონაწილე პირების დასაქმება ემთხვევა მათი ოჯახის წევრების დეპუტატად არჩევის ან თანამდებობაზე დანიშვნის პერიოდს.