„მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია გამოკითხვის შემდეგ მედიასთან კომენტარს აკეთებს. მისი განცხადებით, ის სუს-მა ფეისბუკზე დაწერილი სტატუსის გამო მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხა.
გვარამია განმარტავს, რომ საქმეს საიდუმლო გრიფი ადევს, რის გამოც გამოკითხვის დროს დასმულ კითხვებზე ვერ ისაუბრებს.
„317 მუხლია. საქმეს საიდუმლო გრიფი ადევს. საქართველოს სამართალდამცავი სისტემა აბსურდულად და კონსტიტუციის დარღვევით იყენებს გრიფით საიდუმლოს და არღვევს მხარეთა შეჯიბრებითობას. განგვიმარტეს, რომ საიდუმლო გრიფი გულისხმობს იმას, რომ მათ მიერ დასმული კითხვები არ გავახმოვანო. არაფერი გასახმოვანებელი არ არის თქვენ თვითონ შეგიძლიათ ივარაუდოთ რა შეკითხვებს დასვამდნენ. მათ აინტერესებდათ რა ვიგულისხმე დამხობაში, რა ვიგულისხმე უზურპატორში. თუ არ იციან რა ვიგულისხმე უზურპატორში მაშინ საერთოდ რატომ დაიწყეს? რომ განვმარტე ბიძინა ივანიშვილი ვიგულისხმე, მაშინ ბიძინა ივანიშვილის დამხობა რატომ არ არის სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა ეს განმამარტინეს, რისთვისაც მრცხვენია. არ მეგონა, რომ ამის განმარტება ამ რეჟიმის დროსაც კი მომიწევდა. ამათ არ ესმით, რომ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლება არ არის“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
გვარამიამ განაცხადა, რომ მოსამართლეს თვითაცილებისკენ მოუწოდა, რადგან ის არის მოსამართლე, რომელმაც მის ოჯახზე თვალთვალის ღონისძიება განახორციელა.
„მოვუწოდე თვითაცილებისკენ, რომ თვითონ გადაეწყვიტა ჩემი მისდამი გამონათქვამები, რომელიც გამოვაქვეყნე იმიტომ, რომ ის არის მოსამართლე, რომელმაც გააგრძელა ჩემს ოჯახზე თვალთვალის ღონისძიება. აგრესიული დამოკიდებულება მასთან დაკავშირებით გამოვთქვი და ვუთხარი, რომ მე გამოვიყენებდი ჩემს სასარგებლოდ ამ გარემოებას, თუ ჩავთვლიდი რომ ამის გამო ჩემი უფლებები დაირღვა. ამიტომ გადაწყვიტოს თვითონ აიცილოს თუ არა,“ - აცხადებს გვარამია.
პროკურორი ელიზბარ გოზალაშვილი გამოკითხვის საქმეზე გრიფით საიდუმლოს დადების მიზეზს განმარტავს.
„კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, კონკრეტული მონაცემის გათვალისწინებით, თუ რატომ დაედო ამ საქმეს გრიფი, ამას რომ პასუხი გავცე უნდა ვისაუბრო საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, რისი უფლებაც არ გამაჩნია. თუ რა მუხლით, რა ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, ამ ამის შესახებ კომენტარს ვერ გავაკეთებ,“- განაცხადა გოზალაშვილმა.