logo
ENG



ნიკა მელია: არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ

05 თებ 202114:58
3 წუთის საკითხავი
 
ნიკა მელია: არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია აცხადებს, რომ პროკურატურის გაფრთხილების მიუხედავად, გირაოს თანხას არ გადაიხდის. ამის შესახებ მან საგამოძიებო უწყების პასუხად, სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. 

"არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ. დიდ პატივს ვცემ სახელმწიფო ინსტიტუტებს, თუმცა როცა პროკურატურა შოთაძე-ფარცხალაძის, სასამართლო კი მურუსიძე-ჩინჩალაძის საკუთრებაა, პარლამენტი კი კობახიძე-გავრილობის სახეს წარმოადგენს, ეს ყველა ინსტიტუტი კი თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილის ჯიბეშია, მომიტევეთ, მაგრამ მე არანაირი მორალური უფლება არ მაქვს მონაწილეობა მივიღო ამ ფარსში.

უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ბრძოლა ძალიან მართალია. მე ამ ბრძოლაში ვარ მართალი", - თქვა მან ბრიფინგზე.

დღეს, 5 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია გირაოს გადაუხდელობის გამო პროკურატურაში გაფრთხილების მიზნით დაიბარეს.

ჯერჯერობით უცნობია, მივა თუ არა ბრალდებული ოპოზიციონერი საგამოძიებო უწყებაში. 

პროკურატურის განცხადებით, ნიკა მელიასთან გაფორმდება ოქმი, რომლის მიხედვითაც მას გირაოს თანხის გადასახდელად მიეცემა დამატებით ერთკვირიანი ვადა.

ასევე, პროკურატურში ამბობენ, რომ გირაოს თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს, მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლაზე. 

საქმე ეხება ნიკა მელიას წინააღმდეგ 20-21 ივნისის საქმეზე წარმოებულ პროცესს, რაზეც მას ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. 

ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით,  ნიკანორ მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე.


close დახურვა