დააკავებენ თუ არა გიგი უგულავას შემდეგ ნიკა მელიას - „ქართუ“ ბანკის გაკოტრების საქმე "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის წინააღმდეგ პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
პირველმა ინსტანციამ მელია სამიდან მხოლოდ ერთ მუხლში გაამტყუნა და უფლებამოსილების გადამეტებისთვის პოლიტიკოსს 25 ათას ლარიანი გირაო დააკისრა. სააპელაციოში ნიკა მელიას საქმე 10 მარტს არის დანიშნული. ნიკა მელიას განცხადებით ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებს დევნის და არაა გასაკვირი, რომ ეს დევნა მის მიმართაც დაიწყო.
„თუ ვინმე არის მორჩილი მოსამართლე სასამართლო სისტემაში, ერთ-ერთი არის ბატონი ლომიძე. თავიანთმა სასამართლომაც კი პირველ ინსტანციაშიც კი ვერ გამამტყუნა. არ არსებობს არცერთი მტკიცებულება არცერთი მოწმე და ვერ დაწერეს ის განაჩენი, რომელიც მათ სურდათ. ახლა კიდევ მეორე წრეზე დააპირეს წასვლა. სასამართლო და მართლმსაჯულება არ არსებობს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
ნიკა მელიას ადვოკატის განცხადებით, ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის საქმის განხილვა სასამართლოში ერთპიროვნულად მიმდინარეობს. ადვოკატი იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების მიღების დროს დამოუკიდებელი იქნება.
„სააპელაციო სასამართლო ერთპიროვნულად განიხილავს ასეთი სირთულის საქმეს. როდესაც ასეთი საქმეა პირველი ინსტანციის სასამართლოც უშვებს იმას, რომ შესაძლებელია კოლეგიალურად განიხილოს იმიტომ, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმე არის სამართლებრივი თვალსაზრისითაც და სასამართლო პრაქტიკის თვალსაზრისითაც“, - განაცხადა ადვოკატმა გიორგი მდინარაძემ.
სახელმწიფო ნიკა მელიას „ქართუ“ ჯგუფის ქონების დამალვას ედავება. პირველი ინსტანციის სასამართლო ამ საქმეს რამდენიმე წელი იხილავდა და საბოლოო ჯამში გასულ წელს ამ საქმის განხილვა დაასრულა. წარდგენილი ბრალდებებიდან სასამართლომ ნიკა მელია ერთ მუხლში გაამტყუნა და და 25 000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა, ხოლო მეორე უფრო მძიმე მუხლში, რომელიც ჯგუფურად სხვისი ქონების გადამალვას გულისხმობს გაამართლეს. 2019 წლის 30 დეკემბერს პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით და ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გადაწყვეტილებას ითხოვს. მუხლი 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.