logo
ENG



ნიკა მელია: ოპოზიცია იმარჯვებს რეფერენდუმში

02 ოქტ 202116:10
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელიას აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია იგებს. მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, უბნების დახურვამდე მოქალაქეები მივიდნენ და საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ. 

მელიას თქმით, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ქართულ ოცნებას მანიპულაციების საშუალება არ მიეცეს.

"ჩვენს ხელს არსებული ინფორმაციით, ოპოზიცია იმარჯვებს რეფერენდუმში, თანაც იმარჯვებს დამაჯერებლად, განსაკუთრებით დამაჯერებლად იმარჯვებს თბილისში როგორც რეფერენდუმის ნაწილში, ასევე თბილისის მერის არჩევნების ნაწილში. ახლა მთავარია დარჩენილ საათებში ყველა მივიდეს, გავზარდოთ სხვაობა ქართველ ხალხსა და ქართულ ოცნებას შორის და კიდევ უფრო მკაფიო გავხადოთ ქართველი ხალხის პასუხი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართულ ოცნებას არ მიეცეს შესაძლებლობა არანირი მანიპულაციების შედეგად რაიმე სახის გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე", - თქვა მელიამ და ამომრჩევლებს საარჩევნო უბნებზე მისვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. 

"ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ და ვიმარჯვებთ, ახლა მთავარია დარჩენილ 4 საათში გავზარდოთ სხვაობა, მივიდეთ და მივიღოთ მონაწილეობა საქართველოს თანამედროვე ისტორიის უმნიშვნელოვანესი პროცესის ბოლომდე მიყვანაში", - ამბობს მელია. 

საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. 

ოპოზიცია მას რეფერენდუმს უწოდებს. 

შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებით, იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნება 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. 23 ივლისს ქართულმა ოცნებამ შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.


close დახურვა