logo
ENG



ნიკა მელია გირაოს გადახდაზე: ეს გამორიცხულია

20 მარ 202115:26
3 წუთის საკითხავი
 
ნიკა მელია გირაოს გადახდაზე: ეს გამორიცხულია
ფოტო: ვახო ქარელი

ნიკა მელია აცხადებს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს და ეს ერთგვარი პოლიტიკური აქტია მისი მხრიდან უსამართლობის წინააღმდეგ.

მთავარი არხისთვის მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ამბობს, რომ პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად დაწყებულ დიალოგში კომპრომისი ვერ იქნება მის მიერ გირაოს გადახდა.

„მხნედ ვარ და მოტივირებული. ვიცი რისთვისაც ვზივარ და ვარ გამოკეტილი. გარეთ ვიქნები თუ შიგნით, ქართული ოცნებისთვის პრობლემატური ვარ, ისეთი სისულელე ჩაიდინეს. დიდი პასუხისმგებლობა აკისრია თითოეულ ოპოზიციონერ ლიდერს, ვინც მოლაპარაკებებზე ზის. არცერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს კომპრომისი პატიმარზე, ჩემთან მიმართებაში არ უნდა იყოს. გირაო არ გადავიხადე, რადგან ეს უსამართლობა იყო და ეს იყო პოლიტიკური აქტი. გამორიცხულია, გირაოს არ გადავიხდი", - ამბობს ნიკა მელია.

ნიკა მელიამ სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული ოპოზიციური პარტიების ლიდერები ვერ იხილა რუსთაველის გამზირზე. მან ოპოზიციას ერთიანობისკენ მოუწოდა - მისი თქმით, საზოგადოების გაერთიანებას ოპოზიცია გულწრფელობითა და საქმისადმი თავდადებით მოახერხებს. 

ნიკა მელიას მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა აღკვეთის ღონისძიება - გირაო პატიმრობით 17 თებერვალს შეუცვალა. მას შემდეგ ენმ-ის ოფისში სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელი და მხარდამჭერია მობილიზებული. ისინი ამბობენ, რომ სამართალდამცველებს მელიას დაკავების საშუალებას არ მისცემენ. 

პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

2020 წლის პირველი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო. თბილისის საქალაქო სასამართლოს 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე. 

მელიამ სწორედ ეს გირაო მიიჩნია უკანონოდ და არ გადაიხადა, რა საბაბითაც გაიცა მისი პატიმრობის განჩინება. 

17 თებერვალსვე, მანამ, სანამ საქმის განხილვა დასრულდებოდა, ენმ-ის ოფისთან პოლიცია და სპეცრაზმი შეიკრიბა. მათ მელია უნდა დაეკავებინათ. დაკავებას ხელი მხარდამჭერების და ოპოზიციური პარტიების სიმრავლემ შეუშალა. ხოლო მას შემდეგ, რაც 18 თებერვალს, პრემიერმინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა, შსს-მ განაცხადა, რომ მელიას დაკავების ოპერაცია დროებით გადაიდო. 

23 თებერვალს ნიკა მელია მაინც დააკავეს.  მის დასაკავებლად პოლიცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში შტურმით შევიდა და დახურულ სივრცეში წიწაკის გაზიც გამოიყენა. 


close დახურვა